თბილისში, კრწანისი ბიზნეს ცენტრის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, გორგასლის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება სადაც, საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართები განთავსდება.
მშენებლობას შპს „სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა“ ახორციელებს, რომელმაც მიმდინარე თვეში არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ვადების გახანგრძლივება მოითხოვა. ახალი კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობა 14 თვეში უნდა დასრულდეს.
კომპანიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსი მოდერნ კლასის აპარტამენტებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა საპარგინგე სივრცეებს, გამწვანებულ ეზოსა და პარკს, ბავშვთა გასართობ ტერიტორიებს, დასასვენებელ და სასეირნო სივრცეებს, სავაჭრო და საკვებ ობიექტებს აერთიანებს.
კრწანისი ბიზნეს ცენტრი 5 ბლოკისგან შედგება, რომელიც 1 ჰა-ზეა განლაგებული. პირველი ბლოკი წარმოადგენს 17 სართულიან ბიზნეს ცენტრს, სადაც განთავსდება ოფისები 50 კვ.მ.-დან 500 კვ.მ.-მდე.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს „სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა“ 2010 წელს დარეგისტრირდა, მაშინ მისი მფლობელებს შორის იყვნენ იური გოგოლაძე, ლაურა ღაჭავა და ზურაბ ქორიძე. ბოლო წლებში კი კომპანიის დირექტორი კონსტანტინე კეკელია, 100%-იანი წილის მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე დმიტრო შტეინჰაუზია.
