“მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა” – ახალგახსნილი ბუტიკ-კაფე “ფუსფუსი”

მარტში ქართულ ბაზარს ახალი კვების ობიექტი „ფუსფუსი“ შეემატა. ბიზნესად ქცეული “ტკბილი” ჰობი, რომელიც მომხმარებლებისთვის ცნობილი თავისი გოზინაყებით გახდა, მომხმარებლებს უკვე საკუთარ კაფეში მასპინძლობს. დეტალურად კვების ობიექტზე „ფუსფუსის“ დამფუძნებელმა, ნათია ყურშუბაძემ „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.
„კაფეში მომხმარებლებს ამ ეტაპზე შვიდი სახეობის დესერტს ვთავაზობთ, ასევე ხუთი სახეობის სენდვიჩს და ფუნთუშებს. ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას, რომ „ფუსფუსის“ ნიშად იქცა”, – განაცხადა ნათია ყურშუბაძემ და დასძინა, რომ მოთხოვნამ მათ მოლოდინებს გადააჭარბა:
„კაფის არსებობის ორი თვის თავზე მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. სენდვიჩების მენიუ მუდმივად გვაქვს, დესერტების მენიუ კი მუდმივად ცვალებადია და დღეების მიხედვით გვაქვს. „ფუსფუსში“ ]ერთდროულად 12 ადამიანის გამასპინძლება შეგვიძლია.“ – აღნიშნა ნათია ყურშუბაძემ.
რაც შეეხება ფასებს, „ფუსფუსში“ სენდვიჩების ფასები 9.90 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 21 ლარამდე ადის. სააღდგომო პასკების ღირებულება კი 29 ლარი იყო.
ცნობისთვის, ბუტიკ-კაფე „ფუსფუსის“ გახსნისთვის საწყისი ინვესტიცია 35 ათასი ლარს შეადგენდა. ამჟამად კაფეში ორი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ადამიანის დასაქმება იგეგმება.
“ფუსფუსი” თბილისში, სიმონ კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს.