საქართველოდან წასული ქართველი ქალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ – Marao
სოციალურ ქსელში ინფრომაცია სწრაფად ვრცელდება და, ნეგატიურ სიახლეებთან ერთად, საბედნიეროდ, ხშირად გივებთ ქართველი ახალგაზრდების წარმატების ამბებსაც. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ საკუთარი გზის საპოვნელად ქვეყნიდან წასვლა უწევთ და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.
· თამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე 1981 წლის 10 იანვარს დაიბადა. ის უფრო ცნობილია, როგორც თამთა. ქართველი პოპ მომღერალი, რომელიც საბერძნეთში პოპულარული გახდა Super Idol Greece-ში მონაწილეობით, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა და სინგლების „Ftes“და „Den Telioni Etsi i Agapi“ („სიყვარული ასე არ მთავრდება“) გამოშვების შემდეგ. 2014 წელს ის დაბრუნდა საქართველოში, გადაცემა The X Factor-ის ქართული ვერსიის ჟიურის წევრად. თამთა გოდუაძემ წარადგინა კვიპროსი 2019 წლის ევროვიაზიაზე სიმღერით „Replay“ და დაიკავა მე-13 ადგილი.
“პატარობიდანვე “მზიურის” სიმღერებს ვასმენინებდი. წლინახევრისამ ლაპარაკი ჯერ კარგად არ იცოდა, მაგრამ როცა ჩემი რძალი, “მზიურის” მომღერალი – ხათუნა საბაშვილი უმღეროდა, შესანიშნავად აჰყვებოდა ხოლმე. თამთა ორ-წლინახევრის იყო, როცა თამრიკო ჭოხონელიძემ რადიოში პირველად ამღერა. მაშინ ქალბატონი თამრიკო საბავშვო ბაღში სასწავლო პრაქტიკას გადიოდა. დამიბარა და მითხრა: ბავშვს აბსოლუტური სმენა და კარგი მონაცემები აქვს, მე დრო არ მაქვს და სადმე მიიყვანეო. 5 წლის თამთა რკინიგზელთა სახლში, ვოკალისტ ემა აფხაზავასთან მივიყვანე, რომელმაც რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ მითხრა, – ამას ყველას არ ვეუბნები: თამთა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ “ნერგების” ხელმძღვანელთან, ნოდარ მდინარაძესთან მიიყვანეო. ბატონმა ნოდარმა ორკვირიანი საგამოცდო ვადით მიიღო, მაგრამ რამდენიმე დღეში, თამთა ანსამბლში ჩაირიცხა.
ჭკვიანი, პასუხისმგებლობით სავსე, ინტერესიანი, პუნქტუალური, დამჯერი და ამავდროულად, ძალზე მგრძნობიარე, საკმაოდ დამოუკიდებელი. თუ ერთხელ შენიშვნას მისცემდი, აღარასოდეს გაიმეორებდა. უნდოდა, ყველაფერი სრულყოფილად და საუკეთესოდ სცოდნოდა. საბავშვო ბაღში, სადაც ყველანი საუკეთესო ბავშვები იყვნენ, ყოველთვის ზეიმის წამყვანი იყო. სკოლაში შესვლამდე, ქართულ და რუსულ ენებზე წერდა და კითხულობდა. ასევე, გარკვეულ დონეზე იცოდა მათემატიკა, ინგლისურიც… ყოველთვის “ფრიადოსანი”იყო. ერთადერთხელ, სკოლაში “ოთხიანი”მიუღია და ტირილისგან თვალებდასივებული დამხვდა. უკითხავთ, – რა გატირებსო? – დედა ინერვიულებსო…
მისთვის არასოდეს არაფერი დამიძალებია: სურვილი და ინტერესი ჰქონდა, მეც “მივყვებოდი”. როდესაც თამთას კონცერტები ჰქონდა და სცენაზე გამოდიოდა, მესმოდა, მის შესახებ რას ამბობდნენ: რა გვარია? შენ გაიხარეო! როგორც ყველა მშობელს გაუხარდება, მეც მიხაროდა, როდესაც ჩემს შვილს უცხო ადამიანები აქებდნენ. მახსოვს, როდესაც 1992 წელს “საქართველოს ფერია”გახდა, თამთას ჰკითხეს, – საქართველოს ფერია შენ რომ იყო, რას ისურვებდიო? უპასუხა: ისეთ რაინდს ვისურვებდი, რომელიც ჩემს სამშობლოს გადამირჩენდაო. უცნობი ქალბატონი თვალცრემლიანი მეხვეოდა, მილოცავდა: შვილო, განძი გყავს და ამ განძს გაუფრთხილდი, ამ ბავშვს ბედნიერი მომავალი აქვსო. თამთამ მეორე მუსიკალური სასწავლებელიც წარმატებით დაამთავრა. სუხიშვილების ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც სწავლობდა. ყველგან უგამოცდოდ ჩაირიცხა… ძალიან ლამაზი ბავშვობა გაიარა, ყველგან სიყვარული დაიმსახურა, რითაც ჩემი ცხოვრება ძალიან გაალამაზა” – იხსენებდა ღერლის დედა, დარეჯან ბუცხრიკიძე.
ბერძნული გამოცემის, PatKiout-ის მიხედვით, თამთა საბერძნეთში ჩასვლის პირველ წლებში თავადაც დამხმარედ მუშაობდა, სახლს ალაგებდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.
დღეს თამთა გოდუაძე წარმატებული მუსიკოსია, მონაწილეობას იღებს არაერთ კონკურსსა თუ კონცერტში და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
· ნათია თოდუა
· ნინი ბრეგვაძე
ქართველი არტისტის ნიჭი მთელი მსოფლიოს გარშემო შეაფასეს და დააფასეს. სოციალურ ქსელში, ქართველებთან ერთად, უცხოელი მსმენელებიც აქტიურობენ და ნინის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ. “ნინიმ ამ გამოსვლით გვაჩვენა, თუ რატომ არის ამ პროექტის მომავალი გამარჯვებული სწორედ ის” – წერს ერთ-ერთი მათგანი.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის – “ახალი ხმის” აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ “X ფაქტორშიც” გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
“საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა… რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.
ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.
ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური… ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე… მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.
ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა… ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.
როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.
თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.
მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი, როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან”, – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. ნინი სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი… მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე! Top 12 babyyy“, – წერს ნინი.