რატი ბრეგაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება ევროპული სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა – სიცრუის ბრძოლა სიმართლის გამარჯვებით დასრულდა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.
როგორც რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ბრალდება, თითქოს, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა.
„დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. ქართული სასამართლოს განაჩენით, სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე. მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებს და სტრასბურგის სასამართლოში დაობდა მოსამართლის მიუკერძოებლობის , არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი ასევე დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა. აგრეთვე ორივე საქმის ფარგლებში, არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა.
ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს.
რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს, მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.
ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ უსამართლობის და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით. ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც ასევე, მათ შორის მართული იყო ქვეყნის გარედან და საბოლოო ჯამში, დღევანდელ დღეს, ყველამ დაინახა, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რომ სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს, ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.