მას შემდეგ, რაც აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება დაიწყო, უკრაინის მხარეს ამ საბრძოლო მასალების გამოყენებაზე ჰქონდა შეზღუდვა, რომ უკრაინა მათი გამოყენებით რუსეთის საზღვრებს შიგნით იერიშებს არ მიიტანდა.
თუმცა, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ამ პოლიტიკის შეცვლის შესახებ ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობა მიმდინარეობს, რომელიც ინიციატორიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტია.
გამოცემის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წინადადებით, უკრაინელებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ სარაკეტო და საარტილერიო იერიშები რუსეთის შიგნით იმ სამიზნეებზე მიიტანონ, რომლებმაც ბოლო პერიოდში რუსეთს ტერიტორიული წინსვლის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.
New York Times-ის ცნობით, ბლინკენის წინადადება ჯერ კიდევ “ფორმირების” ეტაპზეა და ასევე ჯერჯერობით უცნობია, თუ კიდევ რამდენი პირი ემხრობა ბლინკენის წინადადებას ბაიდენის ადმინისტრაციაში. ამასთანავე, ეს საკითხი ჯერჯერობით პრეზიდენტ ბაიდენთანაც არ განხილულა, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ტრადიციულად უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდა უკრაინის ომში რუსეთთან მიმართებით.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას უთხრეს, რომ ბლინკენის პოზიციის შეცვლა რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ახალი ფრონტის გახსნამ განაპირობა, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს. New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა შეიარაღება უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთით, საზღვრის მიღმა განალაგა იმ იმედით, რომ იერიშების მისატანად უკრაინელები მხოლოდ არაამერიკული დრონებისა და საბრძოლო მასალების გამოყენებას შეძლებდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინას სრული უფლება აქვს, რუსეთს იერიშებით უპასუხოს.
წყარო – ტაბულა