სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით.
ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ და “ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ”.
მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.
კერძოდ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უსმენენ.
ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო მდივანს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ესუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე.
“ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომლის ქართულ თარგმანსაც “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.