ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი“ 2022 წელსაც მოგებაზე გავიდა.
სასტუმროს მმართველ კომპანიას „ბლექ სი რიზორთსი ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელს სასტუმროს მთლიანმა შემოსავალმა 37,694 მლნ ლარი შეადგინა (2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 35,060 მლნ ლარი). ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სასტუმროს წმინდა მოგებამ 2022 წელს 1,064 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 1,801 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი „პარაგრაფი“ 8,205-მილიონიან ზარალზე იყო.
ცალკეული კატეგორიების მიხედვით კი, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:
· ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან – 21,643 მლნ ლარი; (2021 წელს – 20,413 მლნ ლარი)
· ამონაგები საკვების გაყიდვიდან – 11,491 მლნ ლარი; (2021 წელს – 10,579 მლნ ლარი)
· ამონაგები სასმელების რეალიზაციიდან – 1,950 მლნ ლარი; (2021 წელს – 1,930 მლნ ლარი)
· ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან – 2,165 მლნ ლარი; (2021 წელს – 1,746 მლნ ლარი)
· სხვა შემოსავალი – 445 ათასი ლარი (2021 წელს – 402 ათასი ლარი)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „პარაგრაფ შეკვეთილის“ აქტივები 2022 წლის 31 დეკემბრისთვის 18,372 მლნ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მთლიან ხარჯებს, მათ შორის დისტრიბუციისა, შეადგენდა 34,597 მლნ ლარს, აქედან დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების ხარჯები შეადგენდა 10,682 მლნ ლარს, კომუნალური ხარჯები – 5,184 მლნ ლარს, ფრენჩიზის საფასური – 1,098 მლნ ლარს, რემონტისა და მოვლის ხარჯები – 1,233 მლნ ლარს.
ცნობისათვის, როგორც ფინანსურ დოკუმენტაციაშია მითითებული, „პარაგრაფ შეკვეთილი“ 2018 წლის 22 მარტს შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მიერ დაფუძნდა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100% იყო შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მფლობელობაში და საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის (GTDF) უშუალო მშობელი კომპანია.
კომპანიის ძირითადი ბიზნეს საქმიანობაა მაღალი კლასის ლუქს სასტუმროს ოპერირება. ამ მიზნით, კომპანიამ 2019 წლის 1 აპრილს იჯარით აიღო ქონება შავი ზღვის სანაპიროზე, სოფელ შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), საქართველო. 2019 წლის 1 აპრილს, შპს „პარაგრაფ შეკვეთილმა“ დაიწყო სასტუმრო “პარაგრაფ რიზორთ ენდ სპა შეკვეთილი”, მარიოტის ავტოგრაფ ქოლექშენის, 220-ნომრიანი სასტუმროს ოპერირება, დაკავშირებული მრავალფეროვანი საკვების და სასმელის და Spa ობიექტებთან ერთად. კომპანიამ სასტუმროს ოპერირება დაიწყო „Global Hospitality Licensing“ S.A.R.L. (Marriott International)-თან სალიცენზიო შეთანხმებით, Marriott-ის საერთაშორისო სისტემის და ლიცენზირებული ნიშნების შეზღუდული, არაექსკლუზიური გამოყენების უფლებით, 2018 წლის 20 დეკემბრიდან. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე, შპს „ბლექ სი რიზორთსი“ აგრძელებდა სასტუმროს ოპერირებას.
bpn.ge