წელს რეფინანსირების განაკვეთის მეტ შემცირებას არ ველით – ლაშა ქავთარაძე

წელს რეფინანსირების განაკვეთის მეტ შემცირებას არ ველით, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ bm.ge-სთან განაცხადა. მისი თქმით, 2025 წელს ფაქტობრივი ინფლაცია დიდად არ იქნება მიზნობრივი დონიდან გადახრილი.
„არსებულ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობდით, რომ შესაძლოა ყოფილიყო შემცირება. ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ წლის განმავლობაში სებ-ს ექნებოდა შესაძლებლობა 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების. ეს გაკეთდა ახლა და არ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სებ-ს კიდევ ექნება შემცირების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, [რეფინანსირების განაკვეთი] ამ დონეზე იქნება შენარჩუნებული, სანამ არ დავინახავთ, რომ 2025 წლისთვისაც ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს იქნება. ჩვენი საბაზისო სცენარით, 2025 წელს ფაქტობრივი ინფლაცია დიდად არ იქნება მიზნობრივი დონიდან გადახრილი და სებ-ი საშუალოვადიან პერიოდშიც პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს“, – ამბობს ლაშა ქავთარაძე.
რაც შეეხება სებ-ის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს, როგორც ეკონომისტი ამბობს, ეს დაბალ ინფლაციურ გარემოს უკავშირდება, ვინაიდან წლის პირველ ოთხ თვეში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იყო.
„შემცირების ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ინფლაციური გარემო ნარჩუნდებოდა დაბალ ნიშნულზე. პირველ კვარტალში 1%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა. ეროვნული ბანკი უყურებს კომპოზიციას, თუ საიდან ფორმირდება ინფლაცია. მაგალითად, აპრილში ინფლაციის 1.5%-მდე გაზრდაში დიდი წვლილი ჰქონდა იმპორტირებულ ინფლაციას და ეს ძირითადად ნავთობპროდუქტების ფასების ზრდით იყო განპირობებული. რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს, მნიშვნელოვანია ადგილობრივად წარმოებილი პროდუქციის ფასების ინფლაცია. ეს მაჩვენებელი 3%-ზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური აქტივობა მაღალია. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 7.8% იყო, რაც პოტენციურ დონეზე მაღალია და აქედან უნდა მომდინარეობდეს ზეწოლა ფასების დონეზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაცია დაბალია“, – აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზია, რომ 2.7-2.8-ის შუალედში იქნება და კურსიდან ინფლაციაზე მცირე ზეწოლა იქნება, თუმცა ეს საშუალოწლიურ ინფლაციაზე არ იმოქმედებს.
წყარო: bm.ge