გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტის მოვლა-პატრონობის მომსახურებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერია გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადების მიღება 31 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 319 497 ლარია.
მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2024 წლის 20 ივნისიდან 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით. დაფინანსების წყარო – 2024 (50 %) და 2025 (50 %) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
ნაგებობა საჭიროებს ფასადის რეცხვას წელიწადში 4-ჯერ, სპეციალური (მასალის შესაბამისი) ხსნარების გამოყენებით. აღნიშნული მომსახურება მიმწოდებელმა უნდა გასწიოს შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
ნაგებობის სიმაღლისა და აგებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწმენდითი მომსახურების გაწევის პროცედურები მიმდინარეობს მაღალი რისკის ექსტრემალურ პირობებში, რომლის დროსაც უკიდურესად მნიშვნელოვანია სრულად დაცული იყოს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები და უზრუნველყოფილ იყოს მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული პერსონალის შესაბამისი მომზადების დონე და კვალიფიკაცია.
სვეტის რხევის მაღალი ამპლიტუდის გამო აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა არქიტექტურული დეტალების, ქვისა და ორგმინის პრიზმების მდგომარეობაზე.
ელექტრო მოწყობილობების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭიროა (მათ შორის ელექტრიკოსის და IT სპეციალისტის მიერ ჩატარებული მომსახურება).
მიმწოდებელმა პერიოდულად უნდა უზრუნველყოს ელექტრო მოწყობილობების მონიტორინგი, რაც გულისხმობს – თვეში რამდენიმეჯერ ელექტრო მოწყობილობების შემოწმებას. ავარიული გათიშვის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული მოწყობილობის პროგრამატორის მეშვეობით შემოწმება.
ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, ძველი მოწყობილობის შეკეთებამდე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მოწყობილობის დროებით ჩანაცვლება, რაც გულისხმობს გარკვეულ უბანზე დაზიანებული ელექტრო მოწყობილობის დემონტაჟს და სხვა უბნიდან დროებით დემონტირებული ან არსებული დაუზიანებელი ანალოგიური მოწყობილობის მონტაჟს. მოწყობილობის შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება ახალი მოწყობილობით ჩანაცვლება.
პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების გარე განათების ქსელის ოპერირების ან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ღირებულების – განათების პროგრამული მართვის სისტემებზე (DMX protocol GCC) მომსახურების გაწევის გამოცდილება.

ასევე დაგაინტერესებთ