იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობის პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 1935 წელს შეიქმნა და დღეისთვის 18 ბუნების ძეგლს მართავს, მათ შორის, პრომეთეს მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, თეთრა მღვიმე, სათაფლია, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით პოპულარულ ობიექტებს წარმოადგენს.