დაბრმავებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ! – პაატა კვიჟინაძე

„საერთოდ რა შუაში ბიძინა?! დაბრმავებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ!“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას.
როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას თავად კანონზე არაფერი აქვს სათქმელი, დესტრუქციის შემოტანას ცდილობს.
ხატია დეკანოიძე კითხულობდა, ვიცით თუ არა თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოფშორში აქვს.
„ბიძინა რა შუაშია? ასე იქცევით და, რა ვქნა ახლა… თქვენ გინდათ, შემოიტანოთ დესტრუქცია, სალაპარაკო არაფერი გაქვთ ამ კანონზე“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
თავად ვეტოს წარმდგენმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოტანის საფრთხეზე ისაუბრა.
„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუს ოლიგარქებს თავიანთ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც დასავლეთში ჰქონდათ განთავსებული, გარკვეული პრობლემა შეექმნათ. შესაბამისად, ისინი ამ ფულის გადატანის ადგილებს ეძებენ – გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათთვის ასეთი ქვეყანა შეიძლება საქართველო გახდეს.
სად არის დამამტკიცებელი იმისა, რომ ეს „შავი ფული“ არ იქნება?! როცა საუბარია ოფშორებზე, ინფორმაცია საჯარო არ არის – საიდან, როგორ…
დასაბუთებით თქვენ უნდა დაგესაბუთებინათ, რა ინვესტიციები შეიძლება შემოვიდეს და ვისთვის იქნებოდა უკეთესი. კანონი საჭიროებდა სათანადო განხილვას, რა დროსაც უნდა მომხდარიყო პოზიციების შეჯერება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.