თეა წულუკიანი ჟურნალისტებს – გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას

გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.
კულტურის მინისტრს მედიამ კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს მოსახლეობის 60% უჭერს მხარს.
წულუკიანმა აღნიშნული ორგანიზაცია არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ უპასუხა, რომ კვლევა ჩაატარა რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ. რესპექტაბელობაში კი, წულუკიანის განმარტებით, იგულისხმება პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და დიდი გამოცდილება სოციოლოგიური კვლევების ჩატარების სფეროში
„ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე ორგანიზაცია მაღალი რეპუტაციის მქონე“, -განაცხადა წულუკიანმა.
გარდა ამ საკითხისა, კულტურის მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა „ქართული ოცნების“ დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ The News Agents-თან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ “გლობალური ომის პარტია” მასონების მსგავსი ძალაა“.
„არ მომისმენია, ბოდიშს გიხდით, მოვისმენ და გიპასუხებთ. არ მომისმენია, რა შუაში არიან მასონები? მოვისმენ და გიპასუხებთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.