მედია – ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილი ვერავინ იპოვეს

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილი ვერავინ იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, სააგენტო Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაღუპულია.
„პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. სამწუხაროდ, ყველა მგზავრი დაღუპულია“, – განუცხადა Reuters-ს წყარომ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს, რომელშიც 9 ადამიანი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდა.
ირანის სასამართლო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი, ებრაჰიმ რაისი ქვეყნის მერვე პრეზიდენტად 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აირჩიეს. მისი წინამორბედისგან, ყოფილ პრეზიდენტ ჰასან როჰანისგან განსხვავებით, ებრაჰიმ რაისმა მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა ირანის უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან. ირანში ბევრი თვლიდა, რომ მას, შესაძლოა, მომავალში ხამენეი ჩაენაცვლებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის