მესიჯების მონეტიზაციის ქართული პლატფორმა KLIPY, რომელიც, ამ დროისთვის, რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, სწრაფ ზრდას აგრძელებს, რის დასტურად კომპანიის მიერ გამოქვეყნებული უახლესი შედეგები მიუთითებს – მიმდინარე წლის აპრილში 15 მილიონჯერ გამოიყენეს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია.
“აპრილში ჩვენი პლატფორმის გამოყენების მაჩვენებელმა 15 მილიონს მიაღწია, რაც ადრეული ეტაპისთვის, კარგი შედეგია, რადგან დღეს, KLIPY-ის GIF-ებს, კლიპებსა და სტიკერებს მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი აზიარებს”, – აღნიშნა KLIPY-ის დამფუძნებელმა, გივი ბერიძემ BMG-სთან.
შეგახსენებთ, რომ KLIPY ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც საშუალო და დიდი ზომის მესინჯერებს, სოციალურ ქსელებს, კლავიატურებსა და მედიაკომპანიებს მონეტიზაციაში ეხმარება. ბოლო ინფორმაციით, KLIPY-ის ბიბლიოთეკა ათ მილიონ კატეგორიზებულ და მოდერირებულ GIF-ს, კლიპსა და სტიკერს აერთიანებს, ხოლო თავად კომპანია გლობალურია, მაგრამ ამ დროისთვის საქართველოზე, აშშ-ზე, ევროპის ქვეყნებზე, ინდოეთსა და ბანგლადეშზე კონცენტრირდება.