საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის წლიური ანგარიშიდან ირკვევა. სებ-ის თანახმად, შემცირდა როგორც ყალბი ლარების, ასევე ევროს ბანკნოტების ბრუნვა, თუმცა გაიზარდა დოლარის.
ყალბ ბანკნოტებს შორის ყველაზე მეტად 100-ლარიანები არის გავრცელებული. 2023 წელს გამოვლენილ ყალბ ფულს შორის 52.5% სწორედ 100-ლარიანებზე მოდიოდა. 21% 1 ლარიან მონეტებზე, 19.5% 50-ლარიანებზე, 3.7% კი 20-ლარიანებზე მოდიოდა.
2023 წელს სულ 1258 ერთეული ყალბი ლარის, 1781 აშშ დოლარის და 113 ევროს ყალბი ბანკნოტი აღმოაჩინეს. ყალბი მონეტების რაოდენობა კი 370 იყო.
„2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2022 წელი) შედარებით შემცირდა 58.1 პროცენტით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა – 27.6 პროცენტით. ასევე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა შემცირდა 62.6 პროცენტით, ხოლო ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა 9.9 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ლარის ყალბი მონეტების რაოდენობას, ის 2022 წელთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.