საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი ხალხისთვის მიმართვისას „აგენტების კანონზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არიან ეკლესიის შვილები.
„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალ-ყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მეუფე შიომ.
დღეს, 17 მაისს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავს.
14 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. პოლიციამ ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთაგან ცხრა პირის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები.
