საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც რუსულ კომპანიებს და ასევე კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლებიც რუსები არიან, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება.
სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეთანხმება „ლელოს” მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. ასევე წერს, რომ იწონებს კონცეფციას იმის შესახებ, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.
„მთლიანად ვეთანხმები „ლელოს” მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.
რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. „გამარჯვების კოალიციამ” უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს“. – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუკზე“.
