2022 წლის თებერვლიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე დარეგისტრირდა 892 სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელთა ნახევარზე მეტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა, დანარჩენი კი ადგილობრივებმა გახსნეს. ასეთ მონაცემებს მოუყარა თავი ახალ ანგარიშში საგამოძიებო პროექტმა „ვაჟნიე ისტორიი“. მასში ლაპარაკი კომპანია „არგო 24“-ზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ხერსონის ოლქის სოფელ აკსანია ნოვაში დარეგისტრირდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, კომპანია ჩეჩნეთის მკვიდრ, 43 წლის ელბეკ ზაიევს ეკუთვნის. სარეგისტრაციო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კომპანია დაკავებული იქნება მარცვლეული კულტურების გაშენებით, მარცვლეულის საბითუმო ვაჭრობით და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით.
როგორც “ვაჟნიე ისტორიიმ” გაარკვია, კომპანიის მფლობელის ალი ზაიევის ძმა მსახურობს რუსეთის ეროვნული გვარდიის 94-ე ოპერატიულ პოლკში, რომელიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა. გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ ალი ზაიევი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან, რამზან კადიროვთან დაახლოებულ უსაფრთხოების მაღალჩინოსათა შორისაა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს ფოტო, რომელზეც ალი ზაიევი რამზან კადიროვთან, ალიბეკ დელიმხანოვთან და რუსლან გერემეევთან ერთად არის გამოსახული. ამ უკანასკნელს ბორის ნემცოვის ოჯახი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის ორგანიზატორს უწოდებს.
როგორც “ვაჟნიე ისტორიი” აღნიშნავს, ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი გამოიმუშავა ხერსონის რეგიონიდან მარცვლეულის ვაჭრობით ელბეკ ზაიევმა. კომპანია „არგო 24“-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია ფინანსური ანგარიში, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის ყიდვა ჩვეულებრივ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, 2023 წელს რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თითქმის ხუთი მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელეს.
