რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს – უფლებადამცველი NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, არაადამიანურად ეპყრობა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებს მათ. ორგანიზაციების შეფასებით, “ქართული ოცნების” მიზანი აქციების მუხტის შესუსტება და აქტივისტების დასჯაა.
ერთი თვის განმავლობაში, 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე (577 07 05 63) ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა 189 პირმა დარეკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ასევე, ორგანიზაციებს დასახმარებლად მიმართა 30-მა მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომელიც დააჯარიმეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობის, შენობებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე ან ხე-ნარგავებზე საპროტესტო ბანერების განთავსების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის მუხლებით.
ორგანიზაციების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციებზე დაკავებული 7 მოქალაქის მიმართ.
დაკავებულთა უმრავლესობა საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მათი შეფასებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობას ანგარიშსწორების სახე აქვს. ორგანიზაციებმა აღრიცხეს რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ შორის, ოპერაციების ჩატარება დასჭირდათ.
“დაკავებული აქციის მონაწილეთა რაოდენობის, სხეულზე მიყენებული დაზიანებებისა და მათი მონათხრობის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც წახალისებულია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები, ამბობენ, რომ უჭირთ აქციაზე დაკავებული პირების დროულად პოვნა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნაცემი მოქალაქეები პირდაპირ საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მათი თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა კლინიკაში პოლიციის მიერ დაზიანებებით მიყვანილი ადამიანი გადაუდებელ საჭიროების მქონე პაციენტად არ დაარეგისტრირეს. ამ შემთხვევებში, მათ თავად მოუწიათ მკურნალობის ხარჯების დაფარვა.
გარდა ამისა, ორგანიზაციებს აღრიცხული აქვთ შემთხვევები, როცა დროებითი მოთავსების იზოლატორში დეტალურად არ აღირიცხება დაკავებულთა დაზიანებები, “რაც პრობლემურია გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის”.
ორგანიზაციების თქმით, ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუმცა, რა რეაგირება აქვს უწყებას ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ამ დრომდე უცნობია.
ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ შენიღბულ პოლიციელებს არ აქვთ ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშნები, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დარღვევაა. ეს ართულებს მათ იდენტიფიცირებას და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – დასჯას.
“საგანგაშოა, რომ ამ ადამიანის უფლებათა შეუსაბამო პრაქტიკასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება. შემაშფოთებელია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის უმოქმედობა იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებადია და მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას არაერთი პირდაპირი მტკიცებულება ადასტურებს. მსგავს ფაქტებზე დაგვიანებული რეაგირება მაშინ, როდესაც იმთავითვე ნათელია სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი, სამართალდამცავებში ახალისებს მსგავსი დანაშაულების ჩადენას”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
ისინი უწყებას მოუწოდებენ, ჩაატარონ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, დროულად მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი მოქალაქეებს, ვისაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ზიანი მიადგათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას კი მოუწოდებენ, უარი თქვან ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე, არ შეუშალოს ხელი მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაში და დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პოლიციელების მიმართ, “რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც არაერთი მტკიცებულებით არის დადასტურებული”.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ შემდეგი ორგანიზაციები:
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
· უფლებები საქართველო (RG)
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
· ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
· ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
· პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
· ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ასევე დაგაინტერესებთ