უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში საერთო სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ეს ტერიტორია სამხედრო საფრთხის თვალსაზრისით კვლავ “უკიდურესად რთულად რჩება.”
“დღეის მდგომარეობით, ხარკოვის რეგიონში სიტუაცია, ზოგადად, კონტროლდება. ჩვენი ჯარისკაცები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტს, მაგრამ მიმართულება უკიდურესად რთული რჩება. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს დანაყოფებს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ხარკოვში უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ.
ხარკოვის რეგიონში შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო ვიზიტები ესპანეთსა და პორტუგალიაში.
მისი თქმით, შტაბში მოისმინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის და ასევე ვოლჩანსკისა და ლიპეცკის მიმართულებაზე მოქმედი სხვადასხვა ბრიგადის მეთაურების მოხსენებები.
“ჩვენ ასევე დეტალურად გავაანალიზეთ საბრძოლო სიტუაციის პერსპექტივები, უახლოესი დღეებისა და კვირების საფრთხეები და ის შესაძლებლობები, რაც უკრაინის არმიას აქვს რუსეთის შეტევითი გეგმების ჩასაფუშავად”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე ინტენსიური შეტევის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს რუსეთის საზღვრიდან არაუმეტეს რვა კილომეტრის მანძილზე. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა 10 მაისს დაიწყეს.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ნაკლებად დაცული იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიზანია „ბუფერული ზონის“ შექმნა და არა ხარკოვის ოლქის სიღრმეში შეღწევა.
უკრაინის არმიის თანახმად, მან 16 მაისის თავდაცვითი ქმედებების შედეგად აიძულა რუსეთის ჯარი, იერიში შეანელოს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთში.
არმიის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ვოლჩანსკის ჩრდილოეთ არეალში და უკრაინის ძალები ვითარებას აკონტროლებენ.
უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, რომ მოხდა 23 სამი საბრძოლო შეტაკება და უკრაინის არმიის პოზიციებს ცეცხლი 564-ჯერ დაუშინეს.