„ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე“ – თემურ ბასილია

„ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე“ – თემურ ბასილია
ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ფინანსისტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტთან“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღების გავლენა ეკონომიკურ გარემოზე.
მისი თქმით, აღნიშნულ პროცესებზე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გავლენის მოხდენა ნაკლებად შეუძლია, მათი მხრიდან მხოლოდ გაცვლითი კურსის მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მისი დარეგულირებაა შესაძლებელი.
„ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელთაგან ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა უმთავრესია. უკვე რამდენიმე კვირაა რაც საპროტესტო გამოსვლებია საქართველოში, რომლის მაპროვოცირებელი „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ ხელახლა განხილვა გახდა. სამწუხაროდ, პოლიტიკური დაპირისპირება უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. ასევე, ნუ დაგვავიწყდება რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს ამისთვის მზადება.
რამდენადაც ეს პოლიტიკური პროცესია, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მასზე გავლენა ნაკლებად აქვს. ერთადერთი რაც ეკონომიკურმა უწყებებმა და ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გააკეთოს, გახლავთ გაცვლითი კურსის მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მისი დარეგულირება. გულწრფელად რომ გითხრათ, სიტუაცია იმდენად ღრმად არის შესული, რომ ნაკლებად სავარაუდოა ეს ვითარება შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიცვალოს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების შემდეგ ის კიდევ უფრო გამწვავდეს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ამ წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე“, – განაცხადა თემურ ბასილიამ.