განათლების ხარისხის ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება განცხადებას, რომლითაც გაფიცვის შემთხვევაში ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციის პროცესში პრობლემებზე აფრთხილებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. მისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი”, 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები კი ამ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაიფიცნენ.
30-მდე თანამშრომელი, რომლებიც ცენტრის პოზიციას არ ითვალისწინებენ, მიიჩნევს, რომ უწყების განცხადებით “ჩრდილი ადგება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.”
“ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი” ,- წერენ ცენტრის თანამშრომლები და გამოთქვამენ მზადყოფნას, ისე, როგორც პანდემიის დროს, ახლაც დაეხმარონ უნივერსიტეტებს პროცესის ისე წარმართვაში, რომ მიღწეული იყოს სასწავლო მიზნებიც და საზოგადოების მსახურებაც.
“საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე” – წერენ ცენტრის თანამშრომლები.
განცხადებაზე ხელს აწერენ:
ნიკოლოზ ფარჯანაძე
ქეთევან ინანაშვილი
თორნიკე ბაქაქური
ლალი ოდიშვილი
ნინო შიოშვილი
გვანცა ძიძიგური
ნინო შეყილაძე
ანა ჯუღელი
ქეთი პავლიაშვილი
გიორგი ირემაშვილი
თათია მამრიკიშვილი
სოფიკო ქურასბედიანი
თამთა მოხევიშვილი
თამთა ანთიძე
ანი ბილანიშვილი
ნინო სარჯველაძე
ქრისტინე აბულაძე
ქეთევან ფანჩულიძე
ნინო გოგლიჩიძე
სოფო გაფრინდაშვილი
სოფო მგალობლიშვილი
ნინო ხითარიშვილი
ხატია ბერიძე
ნინო საამიშვილი
მარიამ გოგინაშვილი
ნინო დვალიშვილი
ელისაბედ ებრალიძე
თემურ თექთუმანიძე
მზია ყანჩელი
ნინო გაბიძაშვილი
თეა ლილუაშვილი
გვანცა მეტრეველი
თამარ ბიბილაშვილი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების ფონია ‘”აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა. გაფიცული ახალგაზრდები თვლიან, რომ მათი ადგილი ამ დღეებში აქციაზეა და არა აუდიტორიებში.
სტუდენტების გაფიცვას 14 მარტს გამოეხმაურა რექტორთა კონფერენციაც – განცხადებაში, რომელსაც 38 უნივერსიტეტის რექტორი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ სასწავლო დაწესებულებები პოლიტიკური პროცესებისგან დაცლილი სივრცეები უნდა იყოს.
ამ განცხადებაზე ხელმოწერა უკან გამოითხოვა კავკასიის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭომ იმ არგუმენტით, რომ ეს იყო მხოლოდ რექტორის პოზიცია, რაც უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
უნივერსიტეტის ხელმოწერას საერთო განცხადებაზე მიუღებლად მიიჩნევს თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი – ისინი განცხადებით ეხმაურებიან რექტორის ხელმოწერას ამ განცხადებაზე. თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორები წერენ, რომ აქვთ მკაფიო პოზიცია, რომლითაც აპროტესტებენ “რუსულ კანონს” და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტთა პროტესტს.

ასევე დაგაინტერესებთ