ამერიკის ადმინისტრაცია აპირებს გამოიყენოს აშშ-ის კონგრესისგან მინიჭებული ახალი უფლებამოსილებები, კონფისკაცია გაუკეთოს რუსეთის აქტივებს და უკრაინის აღდგენას მოახმაროს ისინი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენის სიტყვებით, ვაშინგტონი „დიდ შვიდეულში“ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა გაყინული რუსული აქტივები კიევის ზარალის ასანაზღაურებლად იქნეს გამოყენებული.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების ნაწილი უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს, ნაწილი კი გზაში იმყოფება. უკრაინას მძიმე დრო უდგას, აღნიშნა ბლინკენმა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის მხრიდან დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ნატოს წევრობასთან აახლოებს.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებების შედეგების საფუძველზე ტელეგრამში დაწერა, რომ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრეს თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, საქმე ეხებოდა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ებს. ზელენსკის თქმით, ორ ასეთ დანადგარს მნიშვნელოვნად შეეძლო გაეწია დახმარება ხარკოვის ოლქის დაცვაში, სადაც რუსეთის არმია უკანასკნელ დღეებში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს.
კიევში ბლინკენის ვიზიტის ფონია ცნობები რუსეთის ჯარების იერიშების შესახებ ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში. გამოცემა Politico ამ დღეებში აღნიშნავდა, რომ, როგორც ჩანს, კრემლი ცდილობს, გამოიყენოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არსებული პაუზა. ჟურნალისტები უშვებენ, რომ თუკი რუსეთი წარმატებას მიაღწევს ხარკოვის ოლქში, კიევის მოკავშირეებმა შეიძლება უკრაინაზე ზეწოლა განახორციელონ და აიძულონ ის, მოსკოვთან მოლაპარაკებებზე წავიდეს.
რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვერ შეცვლის საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას.