ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართავენ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ღია წერილი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია, 10 მაისითაა დათარიღებული.
“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ – ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.
საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია”, – წერენ ევროპელი დიპლომატები და ახსენებენ ჟოზეპ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებულ წერილსაც, რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ “აგენტების კანონი” ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” მეორედ ინიციირებული “აგენტების კანონი” საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილების შემაშფოთებელი ნიშანია.
“ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.
გიგზავნით პირდაპირ და ნათელ გზავნილს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია”, – წერენ ევროპელი დიპლომატები და ითხოვენ, მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოჰყვება სადაო კანონის მიღებას.
“ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება”, – სთხოვენ წერილზე ხელმომწერები ბორელსა და ვარჰეის.
მიმართვას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.