ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლის ბოლო საოლიმპიადო სალიცენზიო ტურნირზე სამი მოჭიდავით (რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე) წარდგა, აქედან ერთმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.
ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ერთადერთი ფალავანი აღმოჩნდა, რომელმაც პარიზის თამაშების საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი წარმატებით გამოიყენა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ოლიმპიური ლიცენზიისკენ მიმავალ გზაზე იოლი გამარჯვებები მოიპოვა შვეიცარიის, ამერიკის სამოას და გერმანიის წარმომადგენლებთან, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ბულგარელ მაგომედ რამაზანოვთან და ბრინჯაოს მედლისთვის, შემდეგ უკვე ფლეიოფისთვის გააგრძელა ბრძოლა. გამყრელიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოუგო მოლდაველ გიორგი რუბაევს, ხოლო ფლეიოფში, სადაც მასავით მესამეადგილოსან უკრაინელ ვასილ მიხაილოს შეხვდა, მიზანს მიაღწია, 8-2 გაიმარჯვა და სამ თანაგუნდელ ლიცენზიატს – გოდერძი ძებისაშვილს (65 კგ), გივი მაჭარაშვილს (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) შეუერთდა.
გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა საგზურები შარშან ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაბამისად, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების მოპოვებით დაიბევეს. ბაქოში, ბოლოსწინა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, ლიცენზიატი გახდა გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ).
ასე რომ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ