ილიას უნივერსისტეტის სტუდენტები – ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას

ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას – არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხალიბეგ მაგამედოვმა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის საერთო სახელით განაცხადა.
სტუდენტებმა ლექტორებს, რომლებსაც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, და აკადემიურ პერსონალს მოუწოდეს, რომ მათ შეუერთდნენ და გაფიცვა დაიწყონ.
ამასთან, მათ შეერთებისკენ მოუწოდეს სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გაგაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება.
დღეს მმართველი პარტია ცდილობს, მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი „რუსული კანონი“ და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და მათი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება, რუსული ხელწერა ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს. იმ საქართველოში, სადაც რუსული გავლენა გაძლიერებულია, ფასს კარგავს ყველაფერი, მათ შორის – განათლებაც. ახლა გაჩუმება ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან მონაწილეობას გულისხმობს.
შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას – არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში.
მადლობას ვუცხადებთ ლექტორებს, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. სხვებს კი, მათ შორის აკადემიურ პერსონალს მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ და დაიწყონ გაფიცვა.
მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს – შემოგვიერთდით.
მივმართავთ ხელისუფლებას – სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციის ფარგლებს.
ილიას გზით ევროპისკენ, არა რუსულ რეჟიმს!, – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს