უჩა აბაშიძესა და მის ცოლს ბრალი წარუდგინეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და შენახვის მუხლით

სამხედრო ბლოგერ და ანტირუსული აქციების მონაწილე უჩა აბაშიძეს და მის ცოლს, მარი იაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
უწყება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, უჩა აბაშიძეს, დამატებით ბრალი წარედგინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით (236-ე მუხლის მესამე ნაწილი).
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ აბაშიძემ და იაშვილმა 5 წლის განმავლობაში – 2019-დან 2024 წლამდე პერიოდში ასობით პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა ჩაიწერეს.
სამხედრო ბლოგერი და ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. პოლიცია მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ატარებდა, რომ აბაშიძესთან ადვოკატი და ოჯახის წევრები არ შეუშვეს. პარალელურად, აბაშიძის სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებული იყო ბევრი პოლიციელი.
დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს აბაშიძის სახლიდან ამოღებული იარაღები. უჩა აბაშიძე “აირსოფტის” ფედერაციის რეზიდენტია. ეს არის სპორტული თამაში, რომელიც სათამაშო იარაღითა და პლასტმასის, ბიოდეგრადირებადი ტყვიებით ჯგუფურ შეჯიბრებას გულისხმობს. ოჯახის ინფორმაციით, ყველა იარაღი, რომელიც აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, სათამაშოა, გარდა ორისა, რომელიც მას ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ