ფრანგული გამოცემა Le Monde საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან, გოჩა ჯავახიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
9 მაისს ქართველმა დიპლომატმა, გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს.
ინტერვიუში დიპლომატი აღნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერი არასდროს ყოფილა და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი პრინციპებისა და ღირსების კარნახით. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა მან თანამდებობის დატოვება, ჯავახიშვილი ასე პასუხობს:
“პრინციპისა და ღირსების საკითხია. მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი გაიწვიონ. არ მინდა პოლიტიკურ დებატებში შესვლა და ოპოზიციაში ქულების დაწერა. მე საჯარო მოხელე ვარ და არ მაქვს სიმპათიები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. ვამაყობ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დინამიურობით, “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოცხადება, მათ შესაძლებლობებს შეამცირებს.
2023 წლის მარტში, მე უკვე გამოვთქვი ჩემი უთანხმოება, როდესაც ეს კანონპროექტი პირველად წარადგინეს. მოსახლეობის პროტესტის გამო, მთავრობამ ის უკან გაიწვია. კანონპროექტის დაბრუნებასთან ერთად, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი, განსაკუთრებით ჩემს თანამოსაუბრეებთან, ელისეისა და ორსეზე, რომელთაც ვეუბნებოდი, რომ კანონპროექტი სამუდამოდ იყო უკან გაწვეული. გარდა ამისა, გამიჭირდება არგუმენტების მოძიება, იმის ასახსნელად, თუ რატომ დაბრუნდა ეს ინიციატივა დღეს. ეს მდგომარეობა აღარ მაძლევდა საშუალებას, ჩემი ქვეყნის ევროპული გზავნილი გადმომეცა. თვალთმაქცობის მეშინოდა, შესაბამისად, ჩემი ვალდებულების შესრულების გაგრძელება ვერ წარმომედგინა.
17 აპრილს [როდესაც კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს] დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ ვარ დანიშნული, მან ამ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს. ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს. ალბათ, ჩემი წასვლა პაუზას მისცემს მათ, ვინც მხარს უჭერს ამ კანონის მიღებას”
ამავდროულად, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ უსაუბრია კოლეგებთან, თუმცა, თვლის, რომ “მათი უმრავლესობა ღრმად პროევროპულია” და არ გამორიცხავს, რომ მის მაგალითს მიბაძონ.
გარდა ამისა, დიპლომატის თქმით, დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვიძღვნის, რაც მისთვის აუტანელია.
“გაუგებარია. რა ინტერესი აქვთ მაშინ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მოიპოვა? ფრაგმენტირებული ოპოზიციის ფონზე, ხელისუფლებას არ ჰქონდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების მოგების პრობლემა. ისინი აგრძელებენ იმის თქმას, რომ სურთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ როგორ იქნება ეს შესაძლებელი, ასეთი კანონით და ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად?
დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვეუბნება. ეს ჩემთვის აუტანელია. ჩემმა ქვეყანამ რუსეთისგან უდიდესი ზიანი მიიღო. არ მესმის, როგორ შეიძლება ვიმეგობროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
თუმცა, არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია იმ დონემდე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ჩააგდოს. ჩემი გადადგომა ამას არ უკავშირდება. ის ზედმეტად ფრთხილად მოქმედებს მოსკოვის მიმართ, ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოში ომის ძალიან ძლიერი შიშია. ეს არის სტრატეგიული წინდახედულება, რომელიც მთავრობის აზრით, საშუალებას იძლევა, დაიცვას მშვიდობა და ჩვენი ისედაც სუსტი ეკონომიკა. მოსახლეობა კვლავ ტრავმირებულია, რუსეთთან 2008 წლის ომით, რომლის ჯარებიც თბილისიდან მხოლოდ 40 კილომეტრში დგანან.
მთავრობა აცხადებს, რომ სურს შეინარჩუნოს მშვიდობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. მაგრამ, რის ფასად?”
