გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – საზოგადოებამ ევროკავშირთან დასაახლოებლად ფასი უკვე გადაიხადა – უკუსვლა სამწუხარო იქნება

თუ გვინდა გვქონდეს პოზიტიური და უსაფრთხო ქვეყნის განვითარება, არ უნდა დავკარგოთ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველა ჩვენგანმა, და მათ შორის პირადად მე, 20 წელზე მეტია ბევრი ინვესტიცია განგვახორციელეთ ამ ქვეყნის განვითარებაში და ყველა ჩვენი წევრის ინვესტირებასთან და ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ეფუძნება ევროკავშირის ბევრ პრინციპს. 5 თვის წინ, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველა ზეიმობდა ახლა სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ამ მცირე პერიოდში, 5 თვის მანძილზე, ყველაფერი შეიძლება ასე სწრაფად შეიცვალოს. თუ გვინდა გვქონდეს პოზიტიური და უსაფრთხო ქვეყნის განვითარება, სრულად ვეთანხმები, რომ არ უნდა დავკარგოთ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა“, – აღნიშნა საშა ტერნესმა.
მისივე თქმით, უამრავ კითხვას სვამენ მეწილეები, ინვესტორები, უცხოელი პარტნიორები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება, თუკი ამ კანონს მიიღებენ.
„არსებობს ინვესტიციასთან დაკავშირებული ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მიღების პროცესშია, მაგრამ შეჩერებულია. შესაძლოა, ბევრმა კომპანიამ, რომელიც საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას და წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს, არ გააკეთოს ეს. ვფიქრობ, სამწუხარო იქნება. ჩვენ დავიცავით ბევრი კანონი, ბევრი სტანდარტი, განვახორციელეთ ბევრი ევროპული სტანდარტი და ამ ყველაფერს თავისი ფასი ჰქონდა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე გადაიხადა გარკვეული ფასი, რომ მიახლოებოდა ევროკავშირს. ახლა უკუსვლა ძალიან სამწუხარო იქნება“, – აღნიშნა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს