“თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე” – ნოდარ მელაძე შსს-ს

ტელეკომპანია პირველის ტერიტორიაზე, ნოდარ მელაძის თქმით და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრებზე დაყრდნობით, ჩასაფრებული არიან უცხო პირები.
“ეს არის ტერორიზმი, რეკეტი და დაშინება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომ ხვალ არ გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება. ბოდიში! მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოთ, ტელევიზია იქნება პირდაპირ ეთერში”, – ამის შესახებ ნოდარ მელაძემ არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ამ წუთებში ტელეკომპანია პირველის ტერიტორიაზე არის ჩასაფრება. ორი ტრანზიტულნომრიანი ჯიპი დგას ტელევიზიის გასასვლელთან. დაახლოებით ერთ საათზე მეტია. ყველას, ვინც მანქანაშია, უკეთია ნიღაბი. ამ პერიმეტრზე დგას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეო-სათვალთვალო კამერა, რომელიც დააფიქსირებდა მათ ნომრებს”, – ამბობს მელაძე.
ნოდარ მელაძის თქმით, ჩასაფრების შესახებ შეტყობისთანავე პირადად დაუკავშირდა -ს პრეს-სამსახურის უფროსს და ტელევიზიის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ აცნობა. მელაძის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან კოვზიაშვილმა მას უპასუხა, რომ 112-ზე დაერეკა.
ნოდარ მელაძემ შსს-გან პირდაპირ ეთერში მოითხოვა რეაგირება, რადგანაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტელევიზიაში მყოფები, თანამშრომლები და სტუმრები, საფრთხეს გრძნობენ. მან ასევე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად.
“ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ამ წუთიდან პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული; მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს-ს დეპარტამენტის დირექტორი; შესაბამისად, ახლა, ამ წუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები, იმიტომ, რომ თქვენ წარმოადგენთ ხელისუფლებას და საპოლიციო უწყებას”, – ამბობს მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ