თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა. რადიო თავისუფლება ოფიციალური ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
მას შემდეგ რაც პოლიციამ რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის ბინაში დააკავა ბლოგერი, “აგენტების კანონის” კრიტიკოსი უჩა აბაშიძე, მის სახლთან შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მსვლელობით გადმოინაცვლა.
ისინი გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდნენ რა დროსაც, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. დაკავებების შემდეგ პოლიციამ მსვლელობის მონაწილეები ტროტუარისკენ მიმართა და საავტომობილო მოძრაობა გაათავისუფლა.
საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ გაგრძელდა.
უჩა აბაშიძე, რომელსაც მისი ადვოკატის თქმით, იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონ შეძენა-შენახვას-ტრებას ედავებიან, ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეებიც. ისინი სკანდირებდნენ “უჩა! უჩა!” პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ “მონებო”.
ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა.
უჩა აბაშიძე საქართველოს მმართველო პარტიის “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული “აგენტების კანონის” კრიტიკოსი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.