მინისტრ ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ „აგენტების კანონი“

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი ყოფილ სტუდენტს მიმართავს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ პროფესორი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი „გამოიჩენს სიბრძნესა და ძალას, რათა „უცხოეთის აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან მოხსნას და მას აღარასოდეს დაუბრუნდეს“.

გამოცემა ასევე წერს, რომ ოტო ლუხტერჰანდი კანონპროექტს სხვადასხვა მხრივ აკრიტიკებს. მათ შორის, მიიჩნევს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მის პოლიტიკურ ღირებულებებთან, ჰგავს ს “აგენტების კანონს”, იწვევს ნეგატიურ ისტორიულ ასოციაციებს საბჭოთა წარსულიდან და წარმოშობს უფლებამოსილების გადამეტების რისკებს.

“რადიო თავისუფლების” ცნობითვე, ლუხტერჰანდი იხსენებს მინისტრ ბრეგაძესთან 2023 წლის შეხვედრას ჰამბურგში, სადაც, მისი თქმით, „საინტერესოდ ისაუბრეს ძველი დროის“ შესახებ და მოგვიანებით ჰამბურგის უნივერსიტეტის დეკანთან საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შესაძლებლობაც განიხილეს ევროპული სამართლის სწავლების სფეროში.

გთავაზობთ ამონარიდს გამოცემის სტატიიდან:

„ახლა სხვა რამის გამო გწერთ, რაც ძალიან მაწუხებს“, – ასე იწყებს ლუხტერჰანდი წერილს და „აგენტების კანონზე“ საუბრით განაგრძობს.

პირველი მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც ოტო ლუხტერჰანდმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა, გერმანელი პროფესორი „იურიდიული და, მით უფრო, პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარს“ უწოდებს რეალობას, რომელშიც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის, მეორე მხრივ კი, „უცხოეთის აგენტების კანონს“ იღებს.

გერმანელი პროფესორის შეფასებით, კანონპროექტის კრიტიკა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სამართლებრივი პრინციპების გადმოსახედიდან „სრულიად გამართლებულია“. იგი ახსენებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHIR) დასკვნასა და ევროკავშირის ორგანოების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც.

ოტო ლუხტერჰანდი ყოფილი სტუდენტისთვის გაგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს კიდევ რამდენიმე გარემოებაზე:

კანონპროექტი „თავისი მიდგომით, სტრუქტურითა და, ნაწილობრივ, შინაარსითაც“ მისდევს რუსეთის „უცხოელი აგენტების კანონს“, რაც „პუტინის რეჟიმის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამოქალაქო საზოგადოების დასათრგუნად“; საქართველოში „განსაკუთრებულად მგრძნობიარე ისტორიული ცნობიერება უნდა არსებობდეს“, თუ რა უნებლიე ასოციაციებს იწვევს ცნება „უცხოეთის აგენტი“ – რაც მტერზე, ღალატზე, დაბეზღებასა და ჯაშუშობაზე მიანიშნებს. ლუხტერჰანდი ამ ცნებას იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას „დესპოტიზმის სამარკო ნიშანს“ უწოდებს.

ოტო ლუხტერჰანდი წერს იმასაც, რომ სტალინის ფიგურა „ქართულ მასობრივ ცნობიერებაში დღემდე შემაშფოთებლად დიდი აღიარებით სარგებლობს“:

„[ის] ეროვნული სიამაყის და თაყვანისცემის საგანსაც კი წარმოადგენს და, როგორც ცნობილია, ქართულ საზოგადოებაში არსებობენ რადიკალური ძალები, რომლებიც ავტორიტარულ-დიქტატორულ რეჟიმთან გაცილებით ახლოს დგანან, ვიდრე ქართული კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოსთან“, – წერს პროფესორი.

„შეგვიძლია თუ არა, ამის გათვალისწინებით, სრულიად გამოვრიცხოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებს აშკარად ნაციონალურ-ავტორიტარული, „ანტიდასავლური“ რეჟიმი, რომელიც იმ ადამიანებს დასჯის როგორც „უცხოელ აგენტებს“, რომლებმაც კერძო ფონდების, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით საზღვარგარეთ სამართლებრივი ხარისხი მიიღეს?“ – მიმართავს იგი რატი ბრეგაძეს.