საჯარო სამსახურების უფროსები უარყოფენ, რომ თანამშრომლებს კალაძის პოსტის მოწონება დაავალეს

სოციალური ქსელებით ვრცელდება ამონარიდები მიმოწერებიდან, სადაც სავარაუდოდ საჯარო სამსახურების ხელმძღვანელები თანამშრომლებს მოუწოდებენ და სთხოვენ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ფეისბუკ-პოსტების მოწონებას და გაზიარებას.
საუბარია კახა კალაძის პოსტის შესახებ, სადაც ქალაქის მერი იმეორებს უწყვეტი ანტირუსული პროტესტის ძირითად მოწოდებას, “არა რუსულ კანონს, კი – ევროპას” და იქვე აყოლებს, რომ “კი – გამჭვირვალობას”.
ტელეკომპანია პირველმა რამდენიმე მათგანს მიაკითხა და ამ მიმოწერების ამსახველ სურათებზე მათი კომენტარების მოპოვება სცადა.
ყველა პირი კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან თანამშრომლებისადმი მსგავსი ხასიათის მოთხოვნებს.
“არავინ ავალდებულებს. არ ვიცი, ეს ვისი დაწერილია, […] არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ რამე დაგიმტკიცოთ”, – ამბობს TV პირველთან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი მას შემდეგ, რაც მას ჟურნალისტმა თანამშრომლებთან სავარაუდოდ მისი მიმოწერა აჩვენა კახა კალაძის პოსტის მოწონება/გაზიარების დავალებით და სთხოვა დაემტკიცებინა, რომ მის ტელეფონში მსგავსი მიმოწერა არ იყო.
“ეგ ხომ ძალიან მტკნარი სიცრუეა”, – ამბობს ხათუნა ახობაძე, თბილისის 123-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, – “არ მაინტერესებს, თქვენს ტელეფონებში რა ინფორმაციაა, ფეიკია რაღაცა. […] მე არავის არაფერი დავაძალე, არასოდეს. არც ვთხოვე”.
“ეს ფეისბუკ-ჩატი გატეხა ვიღაცამ, რაღაცა მოხდა ისეთი. მე არ დამიწერია არაფერი და არც მაინტერესებს. თავისი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და თქვენ არ გაქვთ უფლება, ამის გამო კითხვები დამისვათ”, – ამბობს მზია კოტიაშვილი, თბილისის 103-ე ბაგა-ბაღის დირექტორი.
მანამდე კი გავრცელდა სავარაუდო ფოტოასლი მზია კოტიაშვილის საბავშვო ბაღის საერთო მიმოწერიდან, სადაც ის თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ გააზიარონ კახა კალაძის პოსტი, რომ ქალაქის მერის პოსტზე რეაგირებას ყველა ბაღზე ცალ-ცალკე ითვლიან და უკმაყოფილოა მისი ბაღიდან პოსტის მომწონებელთა რაოდენობით.
კალაძის აღნიშნულ, 7 მაისის პოსტს, ამ დროისათვის (8 მაისი, 16:00) 50 000-მდე დაცინვა და 35 000 მოწონება აქვს.
ამავე დროს, “ქართული ოცნება” აანონსებს საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი