უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის და დასავლეთის მიერ არადემოკრატიულად მიჩნეული არჩევნების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს პრეზიდენტის ფიცი კიდევ ერთხელ დადო და ახალი, 6-წლიანი ვადის ათვლა დაიწყო. კრემლში გამართულ ცერემონიას შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
პუტინმა თქვა, რომ დასავლეთის გადასაწყვეტია, კონფრონტაციას აირჩევს თუ თანამშრომლობას. მისი თქმით, მარტში გამართულ არჩევნებში მისი დიდი უპირატესობით გამარჯვება იმის ნიშანი იყო, რომ ქვეყანა ერთიანია და სწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, მას სურდა, ქედი მოეხარა რუსი ჯარისკაცების წინაშე.
“თქვენ, რუსეთის მოქალაქეებმა დაადასტურეთ ჩვენი ქვეყნის კურსის სისწორე. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სერიოზული გაამწვევები გვაქვს”, — უთხრა მან კრემლის საცერემონიო დარბაზში შეკრებილებს. “ვხედავ ჩვენი საერთო მიზნების ღრმა გააზრებაას, მონდომებას, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი არჩევანი, ჩვენი ღირებულებები, თავისუფლება და რუსეთის ეროვნული ინტერესები”, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
71 წლის პუტინი აპირებს ქვეყნის მართვა მომდევნო 6 წლის განმავლობაში განაგრძოს. მისი პოლიტიკური ოპონენტების უმეტესობა ან ქვეყნიდანაა გაქცეული, ან – დაპატიმრებულია. მისი უდიდესი მეტოქე, ალექსეი ნავალნი თებერვალში, არქტიკის ციხეში მოულოდნელად გარდაიცვალა. სამშაბათს იულია ნავალნაიამ, მისმა მეუღლემ ვიდეო გააავრცელა, სადაც მოქალაქეებს პუტინის მიმართ წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მისი თითოეული [საპრეზიდენტო] ვადის შემდეგ ყველაფერი უარესდება. წარმოდგენაც საშიშია იმის, კიდევ რა მოხდება, სანამ პუტინს ძალაუფლება ექნება”, – ამბობს ის.
პრეზიდენტის ფიცის განახლების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა თავის პოლიტიკურ ელიტას უთხრა, რომ დასავლეთთან დიალოგზე უარს არ ამბობს, მათ შორის ბირთვული იარაღის თაობაზე და მათი გადასაწყვეტია, რუსეთის მიმართ “აგრესიის პოლიტიკას” აირჩევენ, “განუწყვეტელი წნეხის” თუ “თანამშრომლობისა და მშვიდობის”.