საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა ხელმეორედ დააინფიცირა კანონპროექტი „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ და იგი მეორე მოსმენით მიიღო, პროცესები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯერ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ახლა საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი დასავლელი პარტნიორები და აშშ საქართველოში ქვეყნის მტრობაში, კერძოდ 2003 წელს რევოლუციების მოწყობაში დაადანაშაულა, შემდეგ მოგვიანებით იგივე თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
კანონის მეორე მოსმენით მიღებამდე და მიღების შემდეგ ხელისუფლების ინიციატივით პოლიტიკურმა ცხოვრებამ პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ღია კონფრონტაციის რეჟიმში შესვლა და რასაც ვხედავთ, ქუჩაში გადასული პროცესის განმუხტვაზე არც კი ფიქრობს.
ივანიშვილი და მმართველი გუნდი კი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდები დაიღლებიან, მაგრამ, ასე რომ არ ხდება, ამასაც ვხედავთ. ამ ყველაფრის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ამ კანონის გამო ქვეყანაში ხდება?
– ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, პოლარიზაცია პიკს აღწევს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისედაც დანაწევრებული და სხვადასხვა კონფლიქტებით დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გათიშოს.
29 აპრილის დემონსტრაციის შემდეგ მრავალ კითხვას გაეცა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა თავისი რამდენიმე სახიფათო მიზნის შესახებ. ივანიშვილის გუნდს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების განზრახვა აქვს. მათ სურთ ქვეყანა მართონ პრინციპით: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“.
განსხვავებულად მოაზროვნეთა ჯგუფებს, უკეთეს შემთხვევაში, ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან დაცინვა, შეურაცხყოფა, გარიყვა, „მეხუთე კოლონად“ გამოცხადება ელით, უარეს შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და რეპრესიების მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ.
მოკლედ, საქართველო უნდა გადაკეთდეს „ქართუ ბანკად“, ორგანიზაციად, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ კაცს უსიტყვოდ ემორჩილება, გამონაკლისის გარეშე.
დემოკრატიულად არჩეული მმართველები ავტორიტარიზმის დამყარებას იწყებენ მაშინ, როდესაც ხალხთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრილი აქვთ, აღარ ჰყოფნით არგუმენტები თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, ვერ უმკლავდებიან საწინააღმდეგო მოსაზრებებს და ძალაუფლების გარეშე ცხოვრება მათ ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნით. „ქართული ოცნება“ დღეს ზუსტად ამგვარ ჩიხშია მომწყვდეული.
მადლობა ღმერთს, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აპირებს შეეგუოს ასეთ დამცირებას. წინააღმდეგობის მოძრაობის მოწინავე ძალა ქართველი ახალგაზრდები არიან. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ახალ თაობაზე ოპოზიციური პარტიების გავლენა მიზერულია, არასამთავრობო სექტორსაც ძალიან უჭირს მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გავლენა ძლიერი რომ იყოს, ახალგაზრდული მოძრაობა მალე დამარცხდებოდა.
ქუჩაში გამოსული სტუდენტების მთავარი ღირსება დამოუკიდებლობა და სპონტანურობაა. ივანიშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური ველზე ასეთი თავისუფალი, უკონტროლო მოთამაშე გამოჩნდებოდა.
ადვილია სააკაშვილისა და კეზერაშვილის, მათი პაიკების დისკრედიტაცია, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელია ხელის ერთი მოსმით გაუმკლავდე მოზარდებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად, ევროპული არჩევანის დაცვის მიზნით რუსთაველის პროსპექტზე ფრენბურთს თამაშობენ.
თუმცა, აქციების არაორგანიზებულობას თავისი რისკებიც ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები უმაღლეს პოლიტიკურ კულტურას აჩვენებენ და ცდილობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ყველა პირი უმალვე გაანეიტრალონ, ჰორიზონტალურად ორგანიზებული მოძრაობის წიაღში პროვოკაციის მოწყობა ხელისუფლებისათვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ამგვარი პროვოკაციები დღეს მთავრობის მთავარი იმედია. დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს „ევრომაიდანი“ თბილისში.
მაშასადამე, საქართველოს პოლიტიკურ ველზე ვაკვირდებით უმწვავეს დაპირისპირებას საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოების მნიშვნელოვან, მეტწილად ახალგაზრდულ ნაწილს შორის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე, დიალოგზე, მოლაპარაკებებზე წამოსვლას არ აპირებს და შეეცდება ნებისმიერ ფასად გაიტანოს თავისი.
ხშირად მეფიქრება ხოლმე გამოსავალზე – როგორ შეიძლება დაიძლიოს ფეთქებადსაშიში ვითარება?
საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის ბრწყინვალე მკვლევარი, პროფესორი სტივენ ჯონსი „უბრალო მოქალაქეებისგან შემდგარი დამფუძნებელი კრების“ ჩამოყალიბების იდეით გამოვიდა. კეთილშობილური იდეაა, ნამდვილი დემოკრატია მართლაც ქვემოდან იწყება, ქვემოდან ორგანიზდება.
ამგვარ კრებებზე ხალხი შეძლებდა ახალი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც პოლიტიკურ კლასს უმკაცრეს კონტროლს დაუწესდება. თუმცა, დღევანდელ საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის ამგვარი მოდელების ამუშავება უკიდურესად გართულდება. გამწარებული, ნერვებმოშლილი, არაორგანიზებული ხალხი დამფუძნებელი კრების ფორმატში მუშაობას ჯერჯერობით ვერ შეძლებს.
საუბედუროდ, არც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის იმედი გვაქვს. ისინი სერიოზულ ალტერნატივას არ წარმოადგენენ. ჩვენ მათ მიერ „აშენებული“ დემოკრატიაც გვინახავს.
აქედან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება და ე.წ. hung parliament-ის (პარლამენტი, სადაც არცერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა) ჩამოყალიბება. პარტიებმა მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში შეიძლება გაუწიონ ანგარიში მოსახლეობის სულისკვეთებას და წავიდნენ კომპრომისებზე. მესმის, ეს საიმედო და საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ სხვა გზას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.
პარალელურად, შეგვიძლია მოვითხოვოთ პლებისციტის ჩატარება, სადაც ე.წ. აგენტების კანონისა და საქართველოს დასავლური არჩევანის შესახებ მოსახლეობას ვკითხავთ თავის აზრს. ვფიქრობ, ეს პლებისციტი დამსახურებულ სილას გააწნავდა „ქართულ ოცნებას“ და საზოგადოების განწყობას მკაცრად შეახსენებდა მათ ლიდერებს.
– აქციაზე ივანიშვილის გამოსვლისა და შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ურთიერთობების შეფასებისას ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია.
მეტიც, ბალანსი, რაც ქვეყანას მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა, – იგულისხმება ევროკავშირისაკენ ლტოლვა და რუსეთისადმი ფრთხილი პოლიტიკა, სწრაფი ნაბიჯებით ირღვევა. თბილისი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე გადადის. თუმცა, ამ მომენტისათვის, ეს უკვე საუკეთესო ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს.
პრობლემა კი ისაა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული, მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება სახიფათოდ ვიწროა. თან მრავალვექტორულ პოლიტიკის გატარებას არა მარტო ცოდნა, თაობების გამოცდილება სჭირდება.
ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ თუ ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებთან იმგვარი პოლიტიკის გატარება გააგრძელა, რასაც ბოლო პერიოდია ატარებს, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში და კრემლთან ერთი-ერთზე აღმოჩნდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით კანონის გააქტიურებაზე საუბრების შემდეგ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?
– საუბედუროდ, 29 აპრილის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იცვლება. ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებისა და ბატონი ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით მზად არის, რომ საქართველო-ევროკავშირის ინტენსიური ურთიერთობები გაყინოს ან ევროპისკენ მიმავალი ყველა ხიდი გადაწვას.
ჩვენს ქვეყანას არ შესწევს ძალა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებისა. საქართველო არც ნერუს ინდოეთია და არც ტიტოს იუგოსლავია, ერდოღანის თურქეთის ძლევამოსილებამდეც ბევრი გვიკლია.
მეტ-ნაკლებად მშვიდი სამეზობლოს, ძლიერი ეკონომიკისა და კონსოლიდირებული საზოგადოების გარეშე მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველოს რუსეთის უშუალო გავლენის ზონად აქციოს.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში, საქართველოს გულითადმა მეგობარმა, ებერტის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა – პოლიტოლოგმა მარსელ რიოთინგმა პატიოსნად და მაღალპროფესიონალურად აღწერა საქართველოს უმძიმესი ვითარება – რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, მარტივი მანევრით შეუძლია მთავარი ავტომაგისტრალისა თუ სარკინიგზო სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვა და ქვეყნის ორად გათიშვა, საქართველოს არ აქვს სტრატეგიული სიღრმე რაიმე ტიპის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს, რუსული ბაზრის მნიშვნელობა კვლავ დიდია ჩვენი ექსპორტისთვის. „ქართული ოცნების“ მიზანია დააჯეროს თავისი მომხრეები, რომ თითქოს ჩვენ ბატონი რიოთინგის მიერ აღწერილ გარემოებებს არ ვაღიარებთ.
პირიქით, შესანიშნავად ვაცნობიერებთ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას. უბრალოდ, მივიჩნევთ, რომ ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო ინტენსიური უნდა იყოს ჩვენი კავშირები დასავლეთთან, რათა მარტო არ დავრჩეთ XIX საუკუნის პრინციპებით მოქმედ მონსტრთან.
საქართველოს ხელისუფლება და მისი მომხრეები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბედის ანაბარად მიტოვებულ სახელმწიფოდ ვიქცეთ. ირაკლი კობახიძე წიხლს ჰკრავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოთავაზებას ვაშინგტონში მაღალი რანგის ვიზიტის გამართვის თაობაზე.
ხელისუფლების „მოლაპარაკე თავები“ გერმანიის ფედერალურ კანცლერს ნინო ლომჯარიას მითითებებით მოქმედ ხელის თოჯინად აცხადებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საფრანგეთის პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებს. ასეთი კომიკურობით გვსურს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება? მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
– „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს ბოლო ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ხელისუფლების ორმაგი სტანდარტებით მუშაობა მაფიქრებინებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავადაც არ იცის სად მთავრდება მისი ტაქტიკა და იწყება სტრატეგია.“
მიუხედავად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობებისა ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა.
არადა, ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება რომ თუ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა, კანონი უკან უნდა გავიწვიოთ, რაც არ ხდება და როგორ ჩანს, არც მოხდება.
სავარაუდოდ, რას ეფუძნება ხელისუფლების განცხადებები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა?
– საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკას. ხელისუფლებაც წლებია ამტკიცებს, რომ მისი პრიორიტეტი ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებაა. კონსტიტუციაშიც კი გვაქვს მუხლი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრას.
შესაბამისად, „ქართულ ოცნებასაც“ კი არ შეუძლია, ღიად, საჯაროდ, ურცხვად განაცხადოს, რომ ხალხის ნებასა და კონსტიტუციას არაფრად აგდებს. აქედან გამომდინარე, მათ ფასადი, ბუტაფორია სჭირდებათ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების გარდაუვალობაზე საუბარი იაფფასიანი ფარისევლობაა.
აქვე, ჩვენს მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს გეოპოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხს არ გადაწყვეტს. ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონკრეტული სოციალური მოდელის ამოქმედების ვალდებულებასაც დააკისრებს.
მართალია, 60-70-იანი წლების ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციიდან დღემდე ბევრმა ვეღარაფერმა მოაღწია, მაგრამ ინტეგრაციის შემთხვევაში ჩვენ მაინც მოგვიწევს – მდიდრებისთვის სპეციალური გადასახადების დაწესება, მინიმალური ხელფასის შემოღება, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს დემონოპოლიზება, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა, საბინაო პოლიტიკის გატარება. მოკლედ, ევროკავშირი ნიშნავს სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის ელემენტების შემოღებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილისა და კალაძისთვის, მთავრობის წევრი სხვა მულტიმილიონერებისთვის ევროპული სოციალური მოდელი ჩვეულებრივი ღამის კოშმარია. ისინი არაფრის დიდებით არ დათმობენ თავიანთ კაპიტალს სოციალური სახელმწიფოს სასარგებლოდ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლებისთვის არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, არამედ სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც მიუღებელია მართვის ევროპული პრინციპები. ამიტომ ეძებენ ისინი დასავლეთში მხოლოდ იმ აჩრდილებს, რომლებიც ზოგიერთი მათგანის არაჯანსაღ ფანტაზიაში იბადებიან.
ევროკავშირი მხოლოდ გეოპოლიტიკა არ არის, ევროკავშირის წევრობა ჩვენი სოციალური პოლიტიკის ცვლილების გარდაუვალ აუცილებლობასაც ქმნის.
– უკრაინა – რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოში ვითარება ურთულესად გართულებულია. ამ ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფინანსური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საინფორმაციო და ჰიბრიდული ომი რომ კიდევ კარგა ხანს გასტანს, ცხადად ჩანს.
ასევე ცხადად ჩანს, რომ რუსეთის მიზანია თავის გარშემო, მინიმუმ ნეიტრალური, მაქსიმუმ მეგობრულ სახელმწიფოთა წრე შექმნას თავისი საზღვრების გასწვრივ. ბევრი თვლის, რომ საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა ჯდება ამ ხედვაში.
ვიდრე კოლექტიური დასავლეთი უკრაინას ეხმარება, რომ რუსეთმა მასზე არ გაიმარჯვოს და არ მოსპოს უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საქართველო რუსეთის მიმართ ნეიტრალური, ან შესაძლოა, მეგობრული ქვეყანა გახდეს.
ასეთ ვითარებაში, ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად საქართველოს რა ევროპული პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს? ან, სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?
– გულიანად მეცინება ხოლმე, როდესაც ამბობენ – საქართველო ბელორუსად გარდაიქმნებაო. ყველას ავიწყდება, რომ ბელორუსი ავად თუ კარგად ტრაქტორებს მაინც აწყობს, რეალური ეკონომიკის დარგებს პატრონობს, ტურიზმსა და პრივატიზაციაზე დამოკიდებული ქვეყანა არ არის და მისი ლიდერიც მართალია შემზარავი დიქტატორია, მაგრამ ლუკაშენკო ნამდვილად არ გახლავთ შეშინებული, კუთხეში მიმწყვდეული კაცი, რომელიც ევროპასა და რუსეთს შორის უხეირო „შპაგატის“ გაჭიმვას ცდილობს.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ უკან არ დაიხია, საქართველო იქნება ბელორუსზე უფრო მეტად კრემლს დაქვემდებარებული სახელმწიფო. პარალელურად, „ქართული ოცნება“ ძალას არ იშურებს, რომ საქართველო სპეკულაციური ეკონომიკის ცენტრად აქციოს.
ჩვენ ვაშენებთ საგადასახადო სამოთხეს (გადასახადებისა და სახელმწიფოს რეგულაციებისგან თავისუფალ სივრცეს) „ბიტკოინებით“ მოვაჭრეებისთვის, ოფშორული ზონებიდან გამოქცეული სისხლიანი ავანტიურისტებისთვის, ნარკოტიკებითა თუ იარაღით მოვაჭრეებისთვის, ფულის გათეთრების მსურველთათვის, მდარე ხარისხის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რესურსების მაქსიმალურად ათვისების ინიციატორთათვის.
მათ საქართველო მხოლოდ დერეფნად წარმოუდგენიათ, დამოუკიდებელი, რეალური ეკონომიკის გარეშე.
– ვხედავთ, რომ ამ ფონზე ქუჩაში გადმოსული პოლიტიკა არა თუ არ ცხრება, ძლიერდება.
ხელისუფლება აქციაში მონაწილეებს ხან პარლამენტში შევარდნის მცდელობაში ადანაშაულებს, ხანაც იმაში, რომ ისინი თვითორგანიზებულები კი არ არიან, არამედ მათ უკან „ნაცმოძრაობა“ დგას.
ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლება არც მათ რამეში გადარწმუნებას ცდილობს და არც ქუჩაში ვითარების განმუხტვას.
ამ თემაზე სოციალურ ქსელში თქვენ დაწერეთ – „ხალხის გაერთიანება, შეკავშირება, ხალხის სხვადასხვა ნაწილს შორის სოლიდარობა და ურთიერთდამოკიდებულების განმტკიცება ხელისუფლების მოვალეობაა. ხელისუფლება, მხოლოდ ყოფს, ანაწევრებს, უფსკრულებს წარმოქმნის, ძალადობით სპობს გაერთიანების, შეკავშირების ყველა საშუალებას… ვაკვირდებით კონფლიქტს მმართველ და ოპოზიციურ ძალებს შორის. . . „ქართული ოცნება“ თავის თავთან ერთად ქვეყანას ღუპავს. მან ადამიანურად მართვის რესურსი ამოწურა“.
საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ასე იფიქროთ?
– „აგენტების კანონის“ ინიცირების დღიდან სხვადასხვა არხების გამოყენებით ვცდილობთ დავუკავშირდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და აკადემიური, ადამიანური დიალოგი ვაწარმოოთ მათთან და თუნდაც დახურულ ფორმატში განვიხილოთ ამ დაწყევლილი კანონპროექტის ანი და ჰოე. ჩვენი ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა კედელი აღმართეს ჩვენს ცხვირწინ, ჩაიკეტნენ, გაგვექცნენ.
საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ქვეყანა რომ დაიქცეს, ნაციონალური მოძრაობისა და მისი ანასხლეტების მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, ზრდილობისა და კულტურის ნორმებს არასდროს უღალატებენ, სახელმწიფოში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას ბიძინა ივანიშვილზე ათასჯერ უკეთ აცნობიერებენ, რომლებიც არ ერიდებიან დასავლეთის მწვავე კრიტიკას, მაგრამ მაინც ევროპული ინტეგრაციის მხარეს დგანან.
როდესაც ასეთ ჯგუფებსაც კი ბრძოლას უწყებ, მათთან დისკუსიას გაურბიხარ, მათ დემონიზებას ესწრაფვი, პატიოსან ხალხს ეროვნული ინტერესების მოღალატედ აცხადებ, მაშასადამე, ადამიანურად მართვის რესურსი ამოწურული გაქვს.
კატასტროფა მცირე სიმპტომებშიც იგრძნობა. შემაძრწუნებელი გახლდათ გასულ კვირას ქალაქის მერის ქცევა, მან უამრავი ტელეკამერის წინ წონასწორობა დაკარგა და ძალაუფლების არმქონე, სუსტი, ოდნავ თავხედი ახალგაზრდა უშვერი სიტყვებით გალანძღა. ჩვენს ქალაქში ასე პატარა გოგონებს ღვთის პირიდან გადავარდნილი ბანდიტებიც არ მიმართავენ. სახედაკარგულ ლიდერებს მხოლოდ აგრესიით შეუძლიათ მართვა.
– ამ მოვლენების ფონზე სოხუმში საკმაოდ გავლენიან წრეებში გააქტიურდა იმაზე საუბარი, ივანიშვილი ის ქართველი ლიდერია, რომელმაც 30 წლის შემდეგ ზურგი აქცია დასავლეთს, რასაც მას მოსკოვში დაუფასებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში კრემლის ლოიალური დამოკიდებულების ხარჯზე.
მათი ვარაუდით, მას შემდეგ რაც საქართველო დასავლელი პარტნიორების გარეშე დარჩება, სოხუმში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი სოხუმისაგან საქართველოსთან კონფედერაციული ურთიერთობების დამყარებას მოითხოვს.
ამ ტიპის მსჯელობები გააქტიურებულია, მაგრამ, ამ ყველაფერზე საუბრები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს რეალური, თუ საქართველომ საბოლოოდ თქვა უარი დასავლეთზე და მოსკოვთან ერთი ერთზე დარჩა.
თუმცა, მათივე მტკიცებით, აფხაზეთისთვის ეს დიდი საფრთხის შემცველი ვერ იქნება, რადგან, ეს იქნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თბილისის კონტროლის მხოლოდ ილუზიის შექმნა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენები კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით სწორედ ამ ლოგიკით განვითარდეს?
– რუსები ამგვარი მანიპულაციების ოსტატები არიან. ნამდვილად ველოდები საუბრების გააქტიურებას კონფედერაციული ურთიერთობების, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, ახალგორში რამდენიმე სოფელზე კონტროლის დროებითი აღდგენის თაობაზე. ასეთი ნაბიჯები გააძლიერებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.
უბრალოდ, მინდა მკითხველს ვთხოვო – გადახადეთ რუსეთის ისტორიას? ოდესმე, თავისი ნებით, პატარა სახელმწიფოების სასარგებლოდ რუსეთს რაიმე დაუთმია? დაპირება მრავალჯერ გაუცია, მაგრამ არცერთი არ აღუსრულებია. ყინულზე დაწერილი თამასუქის ბედი ექნება „ქართულ ოცნებასა“ და კრემლს შორის მიღწეულ ყველა შეთანხმებას.
1994 წლის ბუდაპეშტის ხელშეკრულება გავიხსენოთ, ატომური იარაღის მარაგებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დათმობის სანაცვლოდ, რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ვალდებულება აიღო. მოსკოვმა პირველივე შესაძლებლობისთანავე ფეხქვეშ გათელა უნგრეთის დედაქალაქში დამტკიცებული მემორანდუმი.
მომხრე ვარ, რომ ოდესმე, კონფლიქტის ტრანსფორმაციის შემდეგ აფხაზებთან და ოსებთან ასიმეტრიული ფედერაციის თაობაზე დავიწყოთ დისკუსიები, გავხსნათ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზურგს დასავლეთი გაგვიმაგრებს. ზურგის გარეშე რუსეთთან საუბარი კოლაბორაციონიზმია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი