პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ავრცელებს, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა. 2023 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა, 2024 წლისთვის კი 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აღნიშნულ ანგარიშში შესულია მხოლოდ 2023 წლის მოვლენები და არ არის ასახული რუსული კანონის შემობრუნების ეფექტი მედიაზე. ეს პროცესები დოკუმენტში 2025 წლის ანგარიშში აისახება.
RSF აღნიშნავს, რომ 2023 წელი განსაკუთრებით რთული იყო მედიისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ანგარიშში გამოყოფილია განსაკუთრებით გაუარესებული მდგომარეობა ბელარუსში (გაუარესება 10 პოზიციით 167-ე ადგილზე), საქართველოში (გაუარესება 26 პოზიციით ქვემოთ), აზერბაიჯანი (გაუარესება 13 პოზიციით 164-ე ადგილზე), ასევე გაუარესდა მედიის მდგომარეობა სერბეთში (7 პოზიციით 98-ე ადგილზე), სადაც სახელისუფლებო მედიები პროკრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებენ და სადაც დან გაქცეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აშინებენ. თავისთავად, მედიის მდგომარეობა გაუარესებულია რუსეთში (162-ე ადგილი). ამ სიაში 61-ე ადგილზეა, სადაც მედიის ეკოსისტემასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა მიმდინარე ომმა მოახდინა.
როგორც RSF-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.
„გარემო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის რჩება მტრული, სადაც იზრდება სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი ჟურნალისტების წინააღმდეგ და ასევე, არის მცდელობები კანონის მიღებისა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზება და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის დავიწროებაა,“ — აღნიშნავს RSF.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხაზს უსვამს მრავალფეროვან, თუმცა პოლარიზებულ მედიაგარემოს და დასძენს, რომ მედიამფლობელები აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას, რის დასტურადაც ახსენებს რუსთავი 2-ის შემთხვევას, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მფლობელთა შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს მათდამი კრიტიკულად განწყობილი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, ცილისწამებისა და დაშინების კამპანიებს.
„მთავრობამ ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელიც აძლიერებდა პლურალიზმისა და გამჭვირვალობას მედიაში, ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმის გზით, ისევე, როგორც კანონპროექტით „უცხოეთის აგენტების შესახებ“, რომელიც კოპირებული იყო რუსული კანონიდან.
კანონპროექტი საბოლოოდ გაიწვიეს ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ შელახონ წყაროების კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით,“ — აღნიშნულია RSF-ის ანგარიშში, რომელიც მხოლოდ 2023 წლის პროცესებს ასახავს.
მსოფლიო პრესის თავისუფლების ანგარიშში ასევე საუბარია სარეკლამო ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ სირთულეებზე, ასევე უმცირესობის საკითხებზე არსებული დაძაბულობით, რასაც აძლიერებს სამღვდელოება და რომელსაც ზურგს უმაგრებს უშიშროების სამსახურები. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ამ საკითხების გაშუქებისას მედიის მუშაობაზე.
პრესის თავისუფლების ინდექსის სათავეში სკანდინავიის ქვეყნები არიან საუკეთესო მაჩვენებლებით თითქმის ყველა მიმართულებით.
მთავარ ფოტოზე: ჟურნალისტების აქცია 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ. მაშინ ხელისუფლებამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024-ში კვლავ უკან დააბრუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს