Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი დააკავეს

ჯგუფი Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი დააკავეს.
დღეს, 2 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში გმირთა მოედანი გადაკეტეს. თავდაპირველად ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი იმყოფებოდა, პოლიციამ მათი დაშლა და გზის გათავისუფლება ძალის გამოყენებით სცადა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, რუსთაველზე დაგეგმილი მთავარი აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს.
„ნეტგაზეთი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება
2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.
ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 1-ელ მაისს პარლამენტმა კანონი უკვე მეორე მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები უწყვეტ აქციებს მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. შეკრების ძირითადი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა, პერიოდულად იმართება მსვლელობები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რამდენჯერმე გადაკეტეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.