„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გამოეხმაურა დღეს, პირველ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების ფაქტს.
პარტიამ ასევე დაგმო ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
„ჩვენ შეძრწუნებული ვართ თბილისში მომიტინგეების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტით, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემას სპეცრაზმის მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიასა და ევროპას!“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილსაც.
„დროა სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში. ქართველების მომავალ თაობას ამ ბრძოლაში მარტო ვერ დავტოვებთ“, — წერს „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე.
It’s time to sanction Bidzina Ivanishvili and all those that help him destroy Georgia’s democracy. We cannot leave the next generation of Georgians alone in this struggle. — EPP (@EPP) May 1, 2024
რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი მაიკლ გალერიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს კანონი ემსახურება ნიადაგის მომზადებას სამოქალაქო საზოგადოების და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის მოსასპობად.
„ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, აშკარაა, ვინ არის ნამდვილი უცხოეთის აგენტი. ეს კანონი ემსახურება ნიადაგის მომზადებას სამოქალაქო საზოგადოების და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის მოსასპობად, საბოლოოდ კი, ემსახურება რუსულ ოცნებას და გამოიწვევს ქართულ კოშმარს“, — წერს ევროპარლამენტარი X-ზე.
After godfather Ivanishvili‘s speech it is obvious, who is the real foreign agent. This law serves to prepare the ground to crush civil society and any democratic dissent and will ultimately serve the Russian Dream and result in a Georgian nightmare. — Michael Gahler (@gahler_michael) May 1, 2024