„ხელისუფლების დრო ამოიწურა” – ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთო განცხადებას ავრცელებენ და 1 მაისს,17:00 საათიდან, მოუწოდებენ მოქალაქეებს შეიკრიბონ საქართველოს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. განცხადების ტექსტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ წაიკითხა.
ოპოზიციის საერთო განცხადებას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“.
პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს აქციის ძალადობრივი დაშლა, დემონსტრანტებზე, მათ შორის, პოლიტიკოსებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.
„მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმების მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც . ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერის წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს”, – ნათქვამია პოლიტიკური პარტიების საერთო განცხადებაში.
ოპოზიცია მოუწოდებს პოლიციელებს „არ შეასრულონ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები“. ამასთან, მიაჩნიათ, რომ აქციის ძალადობრივად დარბევით „მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას”.
„ამ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა”, – აცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.
“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები დედაქალაქში თვითორგანიზებით მიდიან დან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან. პარალელურად, ის ადამიანები, ვინც თბილისში ჩასვლას ვერ ახერხებენ, აპირებენ მშობლიურ ქალაქებში გამართონ აქციები სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ. “რუსულ კანონად” წოდებული კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ თითქმის ორი კვირაა, მიმდინარეობს უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტი.
30 აპრილის ღამეს, ამ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლა პოლიციამ დაარბია – დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდნენ აქციის ხუთი მონაწილე და ექვსი პოლიციელი. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ