ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა შეწყვიტოს და კანონპროექტი უკან გაიწვიონ.
მისივე თქმით, სიტუაცია არის არაორდინალური, რადგან საქართველოს კონსტიტუცია უხეშად ირღვევა.
„ბატონო თავმჯდომარევ, კოლეგებო გთხოვთ ყურადღებას. ჩვენ ახალ განვიხილავთ კანონის პროექტს, კონკრეტულ მუხლებს და ამასობაში, დღისით, მზისით, ვარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას. მოგიწოდებთ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, გთხოვთ გავიაზროთ ის, რომ სიტუაცია არის არაორდინალური. ეს საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ეხება. გთხოვთ, შევწყვიტოთ განხილვა და გავიწვიოთ, ეს კანონი. გთხოვთ, სანამ დროა და ამის შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ახვლედიანმა.
აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახვლედიანს ასე უპასუხა: პარლამენტი „ყველა საკითხს განიხილავს, რაიმე ექსკლუზივი თქვენ კონსტიტუციურობაზე ან არაკონსტიტუციურობაზე არ გაქვთ, გთხოვთ, ზოგადად, ეს პათეტიკა მოიცილოთ“.
„კარგი ახლა, კითხვა არ გაქვთ. გასაგებია ! რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუცია არ არის თქვენი ნება-სურვილის საკითხი, რომ რაღაცაზე არაკონსტიტუციურია იტყვით და რაღაცაზე იტყვით, რომ კონსტიტუციურია. ასე არ არის, თქვენ რამე მოგწონთ ან არ მოგწონთ. ამიტომ პარლამენტი იმისთვისაც არის, რომ განვიხილავთ [საკითხებს]. პარლამენტი, რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან ყველა საკითხს განიხილავს, რაიმე ექსკლუზივი თქვენ კონსტიტუციურობაზე ან არაკონსტიტუციურობაზე არ გაქვთ. გთხოვთ, ეს პათეტიკა ზოგადად მოიცილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.