ბათუმიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ოთხშაბათს, პირველ მაისს ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და „აგენტების კანონის“ სხვა მოწინააღმდეგეები თბილისისკენ მსვლელობასა და საპროტესტო დემონსტრაციისთვის შეერთებას გეგმავენ.
„ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბათუმში საგანგებო ბრიფინგზე.
დემონსტრანტები დღის 12 საათიდან ევროპის მოედნიდან გაემგზავრებიან თბილისში.
მთავარი არხი იუწყება, რომ ბათუმის მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს 12 რეგიონში შეიკრიბებიან და თბილისის აქციას შემოუერთდებიან.
რამდენიმე საათია, პოლიცია დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის.
თავდაპირველად გამოიყენეს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, მოგვიანებით კი დაიწყეს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
სასტიკად ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი.
სპეცრაზმელებმა კიდევ ერთხელ სცემეს პარლამენტარ ალეკო ელისაშვილს.
სცემეს ამერიკელ იურისტ ტედ ჯონასსაც – მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დარბევა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.
რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ ამ დროისთვის [1 მაისი, 01:00 საათი] არაერთ დემონსტრანტს, მართალია, დასჭირდა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
ბოლო საათების განმავლობაში არაერთი ადამიანი დააკავეს – შსს-ს ჯერ დაკავებულთა რაოდენობა არ დაუზუსტებია.
ფორუმი