ომბუდსმენი: აქცია მშვიდობიანია და არ არსებობს მისი შეწყვეტის საფუძველი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პოლიციამ „აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის“ დარღვევით დაიწყო თბილისში აქციის მონაწილეთა დაშლა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული.
„საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას“, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.
„რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, – წერია განცხადებაში.
დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე მეორე განცხადება გაავრცელა:
„სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს არბევენ.
„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე