საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ.
მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 29 აპრილს დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი კი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის, შენიშვნას აძლევდა მიკროფონის გამორთვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა შესაძლოა ორ-სამ დღეს გაგრძელდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. რაც ნიშნავს, რომ შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები (2-2 ჯგუფი) შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი” (“კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება” თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
ხელისუფლების გეგმას, მიიღოს კანონი, უპირისპირდება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები იმართება მოწოდებით, გაიწვიოს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა კანონპროექტი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმება და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.
„ქართულმა ოცნებამ” ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა, კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელ ვარიანტს შარშანდლისგან ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.