გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე არის პოლიტიკურად გაკოტრებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და აქციაზე ხალხის ძალით გამოყვანის მიუხედავად, ადამიანები მათ ტაშს მაინც არ უკრავდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ემზადებოდით მთელი ერთი კვირა მილიარდერის ფულით, მილიონებით, ადმინისტრაციული რესურსით, საჯარო სამსახურების მობილიზებით, მაინც ვერ მიაღწიეთ იმ ეფექტს, რომელიც „ფეისბუქით“ ერთ დღეში დაანონსებულმა ევროპის მხარდამჭერმა აქციამ შექმნა. მაინც დაგჭირდათ ტაშის, „ჯოს“ ძახილის „დადება“ იმიტომ, რომ ადამიანების დიდი უმეტესობა იქ თავისი ნებით არ იყო მოსული. ნამდვილად არ ვბრაზობ იმ ადამიანებზე მიუხედავად იმისა, რომ ცუდ საქმეში იყენებთ მათ. რატომ?იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა: ცხოვრობ რეგიონში, 60-დან 1000 ლარამდე ხელფასი გაქვს და ამ ერთადერთ შემოსავალზე, ლუკმა-პურის თანხაზე გემუქრებიან, რომ წაგართმევენ. მოდიხარ მიკროავტობუსით რამდენიმე საათი, მზის გულზე სიცხეში გაყენებენ და გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა უკრა. დიდი უმეტესობა კარგად მოიცა, რომ ტაშს არ უკრავდა და თქვენ დაგჭირდათ გამოგონილი ტაშის კვრა. ეს არის ლუსტრაცია. თუ აქედან სათანადო დასკვნას ვერ აკეთებთ, ეს უკეთესია, უფრო მალე დასრულდებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მის თქმით, აქციები აუცილებლად გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.
„მიუხედავად ათასი ბოროტების და სიშლეგისა, რასაც ამბობთ და აკეთებთ, თქვენი სასჯელი იქნება ის, რომ გაყურებინებთ, როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. გაყურებინებთ როგორ გახდება საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.