მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა საერთო-სახალხო შეკრებაზე

მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა საერთო-სახალხო შეკრებაზე
მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას, მივესალმები საქართველოს, ღირსეულს, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს! მოგესალმებით ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო – ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს ისეთს, როგორსაც ამაყი, ქართველი ერი იმსახურებს. პირველი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ – იმიტომ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი.”– განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მ 29 აპრილს, საერთო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს, ჩევნი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებული ვიქნებით ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ჩვენ ვიცხოვორთ ერთიან საქართველოში – ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში. მე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს, ყველას, აფხაზებს და ოსებს კიდევ ერთხელ, ჩვენს აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ქართველია, იმიტომ, რომ არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები – ჩვენ ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით. ჩვენი საერთო მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით – „მამული, ენა, სარწმუნოება“ და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები.
ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ შევავსებთ ევროპას, ჩვენი კულტურით, ჩვენი იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. ჩვენი სვლა არ არის მარტივი. ჩემო მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, რომ ბევრი ამოცანა გვაქვს წინ, ბევრი ამოცანა აქვს “ქართულ ოცნებას”, ბევრი ამოცანა აქვს მას თავის ლიდერთან, ლიდერებთან ერთად, თავის საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეს არის სვლა ეკონომიკური განვითარებისაკენ, ეს არის სვლა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, ეს არის სვლა გრძელვადიანი მშვიდობისაკენ და ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით, რაც მთავარია. არ შეიძლება, ამ პოზიტიურ საუბართან ერთად არ გავიხსენოთ ჩვენი უკანასკნელი დროის ძალიან ბევრი, დიდი წარმატება. თქვენ იცით, რომ ახლა კამპანია დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ ყველაფერს დიდი პიარი არ სჭირდება, მაგრამ პირველად ისტორიაში, მაგალითად, ჩვენმა სპორტსმენებმა როგორ გვასახელეს, ამის ართქმა არ შეიძლება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
პირველად ისტორიაში და ეს განვითარების და წინსვლის გარეშე შეუძლებელია, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის გუნდებთან გაიმარჯვა და ბოლოს, განსაკუთრებული სიხარული რამაც მოგვანიჭა: პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა. მე მივესალმები კიდევ ერთხელ იმ უდიდეს რაოდენობას და აქ რაოდენობაზე არ არის, ეს არ არის მთლად სწორი სიტყვა – იმ ადამიანებს, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დარჩენილა დღეს საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს: ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარჯოს!”– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.