კახა კალაძე – ეს არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად, ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტის დასაცავად – დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 %-ზე მეტი აგენტურის გაძლიერებას ემსახურება

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“, ხდება „შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე“ და არის არეულობის დათესვის მცდელობა.
მისივე თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.
„გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას.
გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დაჭირდათ, ყველა ეს „ენჯეო“ ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს.
პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ გვაქვს ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ჩვენ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას, ნარკოტიკების პროპაგანდას, რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც „ენჯეოების“ და ლგბტ-პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებას უკავშირდება, სინამდვილეში, არ არის ბრძოლა, უბრალოდ, ორი კანონის მისაღებად. ეს არის გადამწვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“, – აღნიშნა მ სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.