ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით, შპს „კომერციულ ჯგუფს“ უძრავ ქონებას გადასცემს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, კომპანიას 200 000 ლარად გადაეცემა თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მე-2 სართულზე არსებული 124.33 კვ/მ ფართი, (ტერასა) და მასზე, წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. განკარგულებაში მიწის მოცულობა მითითებული არ არის, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საუბარია 140 კვ.მ. ფართობზე.
შპს „კომერციულ ჯგუფი“ 2016 წელს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი თორნიკე როხვაძეა. კომპანიის 50%-ს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი ფლობს, 50%-ს კი – გოჩა ძნელაძე.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კომპანიის 25%-ის წილის მფლობელი იგორ აბრამოვი იყო. აბრამოვი ვერულაშვილის სიძეა, რომლის ოჯახი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მიერ. მისი მამა ალექსანდრ აბრამოვი, რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორია და ბრიტანეთის სანქციების სიაშიც სწორედ მასთან კავშირის გამო მოხვდა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი 2016 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ფლობდა ბინას, საცხოვრებელ სახლს, და მიწის ნაკვეთს თბილისში, ასევე ავტოფარეხს. ჰქონდა ბინას დუშეთის რაიონში, ასევე ვენახი, საცხოვრებელ სახლი და მიწის ნაკვეთი ყვარლის რაიონში. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, ან კომპანიის წილები იმ დროისათვის დეპუტატის სახელზე არ ფიქსირდება.