„სიკვდილთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ“ – რისი მომსწრე გახდა ვარანასში, ქართველი მოგზაური

“არასოდეს მიოცნებია მოგზაური გავმხდარიყავი, ყველაფერი ბუნებრივად, ჩემი შინაგანი სურვილების გათვალისწინებით მოხდა. ეს სურვილი კი არ ჩამქრალა, პირიქით უფრო და უფრო გაღვივდა და უკვე 8 წელია ფაქტობრივად მომთაბარე ცხოვრებით ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში არცერთ ქვეყანაში გადაბმულად, 7 თვეზე მეტი არ გამიტარებია. მიყვარს ცვლილებები, მოძრაობა და კომფორტის ზონას როგორც კი ვგრძნობ, მალევე დატოვების სურვილი მიჩნდება. მსოფლიო უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია და როცა მისი გემო გასინჯული გაქვს, რთულია ერთ ადგილას დაფუძნება” – ამბობს მოგზაური ლიკა დუმბაძე, რომელსაც მკითხველი უკეთესად იცნობს სახელით -„სად არის ლიკა“.
ლიკა დუმბაძე: მოგზაურობის მიმართ ინტერესი მაშინვე გამიჩნდა, როგორც კი პირველად მოვიკიდე ზურგჩანთა და საქართველოს გარშემო დავიწყე ლაშქრობა. შემდეგ საზღვარგარეთ, მაგისტრატურაზე სწავლის დროს, არეალი გაფართოვდა და ისე ვგეგმავდი ჩემს ყველა ნაბიჯს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მეცხოვრა. ჯერ გაცვლითი პროგრამის და სტაჟირებების საშუალებით ვახერხებდი ამას. თეზისის დაწერის დრო როცა მოვიდა, მივხვდი, ევროპის კონტინენტზე ცხოვრება აღარ მაკმაყოფილებდა და ბუენოს აირესში გადავედი საცხოვრებლად. იმ დროიდან უბრალო ხალხის ცხოვრება მაინტერესებდა და ყველა ქვეყნის კულტურის გაცნობის უდიდესი სურვილი მქონდა, ამიტომ დავდიოდი სოფელ-სოფელ, ვსწავლობდი ადგილობრივების ენას, მათ ადათ-წესებს. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მიფიქრია, რომ მოგზაურის ცხოვრებით ვცხოვრობდი.
– თქვენ ბრძანეთ რომ სხვაობაა მოგზაურსა და ტურისტს შორის. უფრო კონკრეტულად ამ სხვაობაზე.
– დიახ, ჩემთვის მოგზაური და ტურისტი განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტერმინს შორის საკმაოდ მკრთალი ხაზია გავლებული. განსხვავება უფრო ფილოსოფიურია. ტურისტი ძირითადად გეგმების მიხედვით მოგზაურობს, შედგენილი აქვს სანახავი ადგილების სია, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს… მოგზაურები უფრო გრძელი ვადით მიდიან, გეგმების გარეშე მოგზაურობენ და უპირატესობას სპონტანურობას ანიჭებენ. გზას ადგილობრივების დახმარებით იკვლევენ, მათგან ცდილობენ რაიმე მოულოდნელის და ახლის აღმოჩენას. სულ ბილიკიდან გადახვევას და იმ ადგილების მონახულებას ლამობენ, სადაც ბევრი ადამიანი არ ყოფილა.
ასეთი მოგზაურობის დროს, ისეთი ადამიანები მინახავს, ცხოვრებაში წყალი რომ არ მიჰკარებიათ სხეულზე. ტურისტები მოგზაურობისას ადგილობრივებს ხომ ფოტოებს უღებენ ხოლმე, ჩვენთან პირიქით ხდება – ისეთ ადგილებში დავდივართ, აქეთ გვიღებენ ფოტოებს, რადგან ევროპელებს პირველად ხედავენ. ზოგან ჩემი ცისფერი თვალები აკვირვებთ, ამფერთვალებიანი ადამიანი ტელევიზორს მიღმა პირველად ვნახეთო, გვეუბნებიან, ფილმის გოგოს ჰგავხარო. ბავშვები, დიდები, ყველა ხელს გიქნევენ და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს შენ კი არა, პრინცესა დაიანამ ჩამოიარა.
– ერთი რომელიმე კონკრეტული დღე გაიხსენეთ, თქვენი მოგზაურობიდან…
– მოდით, ტაილანდში გატარებულ ერთ დღეს გავიხსენებ… გრძელი კისერი ბირმაში დიდი ხნის განმავლობაში სილამაზედ აღიქმებოდა. გოგონები ბავშვობიდან ატარებდნენ ლითონის ბეჭდებს კისერზე და სიკვდილამდე არ იხსნიდნენ. ჩრდილოეთ ტაილანდში დღესაცაა შემორჩენილი ბირმანელი ეთნიკური უმცირესობა, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან ომს და ძალადობას გამოექცნენ. მათ დღესაც უკეთიათ კისერზე ლითონის ბეჭდები და უამრავ ტურისტს იზიდავენ თავიანთი უჩვეულო გარეგნობით, თუმცა ისინი ტაილანდში ლტოლვილებად აღიქმებიან და არ აქვთ იგივე უფლებები, რაც ტაილანდელებს! პაიში როდესაც ჩრდილოეთ ტაილანდშიჩავედით, გავიკითხეთ თუ რა შეიძლებოდა გვენახა იმ ქალაქში და გვითხრეს – გრძელკისრიანი ქალებიც და სპილოებიც გვერდიგვერდ სოფლებში არიან, ორივე სოფელში შესასვლელად ფული უნდა გადაიხადოო…როგორც ზოოპარკში, აღმოვაჩინეთ რომ დღესდღეობით ბეჭდებს იმიტომ უკეთებენ მშობლები შვილებს, რომ ტურისტები მოიზიდონ! ბავშვებს კი დიდი არჩევანი არ აქვთ… რაფაელმა იცოდა, წინააღმდეგი ვიყავი სპილოებზე ჯდომის, რადგან ვიცი, როგორი წამების შედეგად ჰყავთ მოთვინიერებული, არ მსურდა ერთი ცენტიც რომ გამეღო ამ სანახაობაში, მხოლოდ მათი გამოკვება მინდოდა! მერე ვიმსჯელეთ, მივხვდით რომ არცერთ სოფელში წასვლა არ გვინდოდა, გადავწყვიტეთ უბრალოდ სკუტერით გვებოდიალა რუკის გარეშე….ასე მოვხვდით ჯერ ერთ პატარა სოფელში, სადაც უამრავი სპილო ჰყავდათ, სპილოზე დაჯდომა აკრძალული იყო, მხოლოდ მათთან თამაში და გამოკვება შეიძლებოდა, ამაში კი ფულს არავინ გთხოვდა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თავიდან დაძაბული ვაჭმევდი, მერე ისე გავშინაურდით, რომ ხორთუმი შემომხვია და ჩამიხუტა. საოცარი დღე იყო…. თუმცა ეს ისტორია აქ არ მთავრდება… ასე ბედნიერმა სულ ღიღინ-ღიღინით გავაგრძელე გზა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გზაზე გრძელკისრიანი გოგონა დავინახე, თავისთვის მისეირნობდა, ტურისტებს არ ელოდა და არც მათზე მუშაობდა, ალბათ ბეჭდებიც იმიტომ ეკეთა, რომ ბავშვობაში დედამ დააძალა ან თვითონაც მოსწონდა. სურათი არ გადამიღია, ტურისტული ჟინის დაკმაყოფილება არ მინდოდა, უბრალოდ მასთან საუბარი გადავწყვიტე. სამწუხაროდ ინგლისური არ იცოდა, ძალიან ბედნიერი კი იყო ჩვენი დანახვით, მე დაძაბული ვიყავი, არ მინდოდა რაიმე მიზეზით ეგრძნო, რომ ისე ვუყურებთ როგორც ადამიანებისგან განსხვავებულ არსებას! ასევე დაძაბულმა დავტოვე იქაურობა…წაიკითხეთ სრულად
ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა, რომელიც „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს
VIDEO: „სადარბაზოებს ვალაგებდი, ბარმენად ვმუშაობდი, ქუჩაში ვმღეროდი“ – მანანა მენაბდე

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში