„წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! არა, რუსულ კანონს! ჩვენი შვილების გვერდით დავდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ! თქვენი სიტყვა გადამწყვეტია!“, – ამ სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში ბიზნესს პოლიტიკური პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე.
ის ბიზნესმენებს ახსენებს, რომ კერძო სექტორმა თითქმის ყველა მთავრობის შეტევას გაუძლო და დღეს, ბიზნესის მთავარი პარტნიორები ევროპელები არიან. ყოფილი ბიზნესმენი „ბლეფს“ უწოდებს “ქართული ოცნების” არგუმენტს ამ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის არგუმენტს და აცხადებს, რომ ამგვარად მმართველ ძალას ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა.
„მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი სირთულის, ომების და სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, მაინც მოვახერხეთ, ალბათ, შეუძლებელიც, შევქმენით წარმატებული კომპანიები, დავასაქმეთ ათასობით ადამიანი. ჩვენი კომპანიების წყალობით ივსებოდა და ივსება ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტით კი – ფინანსდება ჩვენი ჯარი, პოლიცია, რიგდება პენსიები, მასწავლებლების ხელფასები, იგება გზები და უამრავი რამ.
ჩვენ გავუძელით თითქმის ყველა მთავრობის შემოტევას. საუბედუროდ, ამ ბიუჯეტს დღეს კორუფციონერი პოლიტიკოსები ჭამენ.
თითქმის ყველა წარმატებულ ბიზნესს ვიცნობ საქართველოში, გიცნობთ თქვენ, ვინც ამას ყოველდღიური შრომით, თქვენს თანაგუნდელებთან ერთად აშენებთ. ოთხი წელია ამ სფეროს სრულად ჩამოვშორდი, ახლა პოლიტიკაში ვარ და ერთი მიზანი მამოძრავებს – ჩემმა ხუთმა შვილმა, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის შვილებმა, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ.
ჩვენ საბჭოთა კავშირი გვახსოვს და არავის გვინდა იქ დაბრუნება. ასევე ნათელია, რომ ეს რუსული კანონი, რომლის მიღება პირდაპირი სვლაა რუსეთისკენ, სრულად დაგვაშორებს ევროპას და ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ მკაფიოდ გაგვაფრთხილეს ამერიკიდან, ევროპის ყველა ტრიბუნიდან, თითქმის ყველა თქვენგანის შვილები ევროპაში იღებენ განათლებას, ყველა თქვენი ძირითადი ბიზნესკავშირი და პარტნიორი ევროპულია.
თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში ფინანსების, მათი წარმოშობის და მოძრაობის გამჭვირვალობის საკითხი არ დგას, რაზეც აპელირებს “ოცნების” ხელისუფლება. ეს ბლეფია, ეს მიზეზია, მიზეზი, რომ გაკონტროლდეს თავისუფალი აზრი, დაწესდეს ცენზურა და დამყარდეს ტოტალური კონტროლი, ის, რაც მოხდა რუსეთში.
ახლა სხვა გამოწვევაა, ახლა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!
მოგმართავთ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და რუსული კანონის დაგმობა. დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! არა, რუსულ კანონს! ჩვენი შვილების გვერდით დავდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ! თქვენი სიტყვა გადამწყვეტია!“, – წერს ხაზარაძე.