“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება
ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:
“რას გვეუბნება 500 ევროპარლამენტარი? რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, გადაარჩინა ქვეყანა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, მოუტანა თავისუფლება, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, უბედურება, ადამიანის წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი – ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?
მინდა საზოგადოებას ჩემი შეფასება გავუზიარო და ვფიქრობ, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ამ რეზოლუციის მიღებას, მაგრამ მინდა ცოტა უფრო შორიდან შემოვუარო ამ საკითხს. გავიხსენოთ, რა მიზანი ჰქონდა ორი წლის წინ იმ უსამართლო, შეურაცხმყოფელ რეზოლუციას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა – თანაც ივნისამდე, როდესაც ევროკომისიას უნდა განეხილა ჩვენი, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საკითხი. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყანა მიატოვეს, გაწირეს პირდაპირ არეულობისთვის. ეს რეზოლუცია ვინც დაალობირა, ევროპაში „ნაცმოძრაობის“ მთავარი მოკავშირე პარტია, დედა პარტია, მათი ლობირებული იყო ის სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუცია. მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში. ეს მარტივი საკითხი იყო და არის. ამიტომ მაშინ როცა ქვეყანა ელოდებოდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, გაკეთდა ჩანაწერი, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი – ეს ხომ იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? ეს იყო ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია.
რაც შეეხება ბოლო რეზოლუციას, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. ესე იგი, რას გვეუბნება 500 ევროპარლამენტარი? რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, გადაარჩინა ქვეყანა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, მოუტანა თავისუფლება, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, უბედურება, ადამიანის წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი – ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? რატომ, რომ მან დაიწყოს ომი და გაიმეოროს ეს უბედურება, საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩემთვის ეს რეზოლუცია ამას ნიშნავს, ამიტომ ის არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი.
მეტს ვიტყვი – ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული. მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი, როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი? უვიზო რეჟიმი ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა. გამოვიდა ერთ-ერთი ბრიყვი, მგონი პატიმარი სააკაშვილი იყო, და ჩვენ დავიწყეთო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მაშინ ვიყავი შს მინისტრი, ევროკომისარი სესილია მალმსტრომი იყო ჩამოსული. მან პირადად მე გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს იყო ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, 70% ჩვენი სამინისტროს გასაკეთებელი იყო. ეს საქმე გაიარა ქვეყანამ, მთავრობამ, ბოლომდე დახურა და 2015 წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს.
ამაზე შეიძლება მინიშნება, რომ აქ რაღაც ხდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს გამჭვირვალობის კანონით კურსი იცვლება ან დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ეს ხომ აბსურდია?
ასევე რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. ევროპარლამენტი ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ადამიანს. 90%-ზე მეტი ჩვენი საზოგადოებისა არის წინააღმდეგი ლგბტ პროპაგანდის, სქესის შეცვლის კამპანიების და ამ უბედურებების. ხალხს ეს არ აინტერესებს, არ უნდა, არ სურს. როდესაც ევროპარლამენტი გეუბნება, რომ ეს არ უნდა მიიღო, ის თავად ახდენს ევროპარლამენტის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციას. ამიტომ ეს არის ცალსახად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.